თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს საგანგებო სხდომა ჩაიშალა

timer.ge

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც დედაქალაქის ბიუჯეტი უნდა განეხილა, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. უმცირესობის წევრები სხდომაზე არ მივიდნენ, საკრებულოში მხოლოდ უმრავლესობის 15 დეპუტატი გამცხადდა.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, მან დღეს მიიღო წერილები უმცირესობის წევრი 17 დეპუტატისგან, ასევე ქალაქის მერიისგან, რომლითაც ისინი საკრებულოს სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნას ითხოვდნენ. „მივიღე გადაწყვეტილება და გონივრულ დროში, სხდომის დამთავრებიდან 2 საათში დავნიშნე რიგგარეშე სხდომა", - განაცხადა შიხიაშვილმა. ამასთან საკრებულოს თავმჯდომარე ორშაბათს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის საკრებულოში მისვლას მოითხოვს.

როგორც, თავის მხრივ, თბილისის მერია განმარტავს, საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილება სხდომის დღესვე დანიშვნის შესახებ კანონსაწინააღმდეგოდ და თვითნებურად მიიღო. რადგან, რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომაზე სამართლებრივი აქტის პროექტი არ განიხილება საკრებულოს წამყვანი კომისიის (კომისიების)მიერ განხილვის გარეშე.

ამავე დროს, მერიის განცხადებით, ძალაში რჩება თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოთხოვნა კანონით დადგენილი წესის დაცვით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ერთი კვირის ვადაში მოწვევის შესახებ.„ამ ერთი კვირის განმავლობაში მზადყოფნას გამოვთქვამთ მონაწილეობა მივიღოთ კომისიების მუშაობაში, შევხვდეთ საკრებულოს ცალკეულ წევრებსა თუ საზოგადოების

დაინტერესებულ წარმომადგენლებს და გავიზიაროთ მათი ყველა გონივრული წინადადება. ამასთან, თუკი ირაკლი შიხიაშვილი კანონმდებლობისა და თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ ერთი კვირის ვადაში კანონმდებლობის დაცვით არ მოიწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, ჩვენ მოვუწოდებთ საკრებულოს უმცირესობასა და უმრავლესობის წევრებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24- მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეიკრიბონ და იმსჯელონ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

 

კომენტარები