შეტაკებები უკრაინაში

უკრაინის ელჩი: ხელისუფლება მოთმინებით დაელოდება შეხვედრების გაგრძელებას

კიევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის სრულუფლებიანმა ელჩმა განცხადება გააკეთა. ვასილი ციბენკოს თქმით, ის უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს მიესალმება. 

"თქვენ ძალიან კარგად ხართ ინფორმირებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ოპერატიულად და, რაც მთავარია, ობიექტურად გააშუქოთ ის, რაც კიევში ხდება. ამის გამო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ. უკრაინაში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს. არ ველოდებით, რომ ასე მოკლე დროში იმ გზების მოძებნა მოვახერხებთ, რომლებიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოგვიყვანს. თუმცა, ხელისუფლება და პრეზიდენტი მზად არის, მოთმინებით დაელოდონ შეხვედრების გაგრძელებას და საკითხების კონსტრუქციულ განხილვას. საჭიროა, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საზოგადოებას სტაბილურობას მოუტანს", - განაცხადა ვასილი ციბენკომ.

ცნობისთვის, უკრაინაში სახელისუფლებო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებამ რეგიონებში გადაინაცვლა. უკრაინის სხვადასხვა ქალაქში აქტივისტები რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციების შენობებს იკავებენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები ქალაქ ლვოვსა და როვნოში ადმინისტრაციულ შენობებზე კონტროლს ინარჩუნებენ და ბარიკადებს აწყობენ. კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე კი ამჟამად სიმშვიდეა. მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები არ მიმდინარეობს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველები ოპოზიციისა და პრეზიდენტ იანუკოვიჩის მოლაპარაკების დასრულებამდე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ.

ევრომაიდანი კი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს. ოპოზიციის ლიდერებმა მაიდანზე შეკრებილებს პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ წამოყენებული შეთავაზება გააცნეს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების სანაცვლოდ, გრუშევსკის ქუჩაზე დაპირისპირების შეწყვეტას ითხოვს. თუმცა დემონსტრანტები ხელისუფლების მიერ წამოყენებულ პირობას არ დათანხმდნენ და გრუშევსკის ქუჩის ბლოკირების გაგრძელება გადაწყვიტეს.

კომენტარები