შეტაკებები უკრაინაში

უკრაინის რადამ ოპოზიციის მოთხოვნების შესასრულებლად რამდენიმე კანონი მიიღო

ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო და პრეზიდენტი იანუკოვიჩი შეთანხმების შემდეგ

კიევში გამართული ხოცვა-ჟლეტისა და დაპირისპირებული მხარეების შემდეგ, უკრაინის რადამ სანგებო სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. დასავლეთი შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტს აკისრებს.

რადამ ერთხმად უყარა კენჭი იმ კანონის დეკრიმინალიზებას, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო 7-წლიან სასჯელს იხდის ციხეში. მას მალე გაათავისუფლებენ. ტიმოშენკოს გარდა, ასევე გათავისუფლდებიან ბოლო დღეებში ევრომაიდნის არეულობებში მონაწილე აქტივისტები, ამის საშუალებას კიდევ ერთი ახალი კანონი იძლევა, რომელიც ასევე ერთხმად მიიღეს.

რადამ საკონსტიტუციო უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ დღეიდან უკრაინაში 2004 წლის კონსტიტუცია მოქმედებს, რომელიც ზრდის საკანონმდებლო ორგანოს ძალაუფლებას და ზღუდავს ერთმმართველ პრეზიდენტს.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ფინანსური კომპენსაცია გამოუყოს მაიდანზე მოკლულთა ოჯახებს, ასევე დაშავებულებს.

აღნიშნული საკანონმდებლო ნაბიჯები ნაწილია იმ შეთანხმებისა, რომელიც რამდენიმე საათის წინ შედგა პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, უკრაინის ოპოზიციასა და ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის.
აღნიშნული შეთანხმების მე-4 პუნქტის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის დეკემბრამდე ჩატარდება. გარდა ამისა, ხელისუფლების, ოპოზიციისა და ევროკავშირის ზედამხედველობით ჩატარდება უკრაინაში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება.

შეთანხმების მე-5 პუნქტში წერია, რომ ხელისუფლება არ შემოიღებს საგანგებო მდგომარეობას. პარლამენტი მიიღებს კანონს ამნისტიის შესახებ და ციხიდან გამოუშვებენ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრომაიდანზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დააკავეს. ამავე პუნქტის მიხედვით, მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მშვიდობის დასამყარებლად, გაათავისუფლონ ადმინისტრაციული შენობები და ბლოკირებული ქუჩები.

მაიდანზე დაღუპულებს გლოვობენ
მე-5 პუნქტისვე მიხედვით, ოპოზიციონერმა აქტივისტებმა შესაბამისი კანონის ძალაში შესვლიდან 24 საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჩააბარონ არალეგალური იარაღი. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა და სამართალდამცავებმა უნდა დატოვონ დაპირისპირების ადგილები.

აღნიშნულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს რადიკალური ორგანიზაცია მემარჯვენე სექტორი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დმიტრი იაროში თქმით, შეთანხმებაში არაფერი წერია პრეზიდენტის გადადგომისა და მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების დასჯის შესახებ.

რადამ დღესვე შეუჩერა უფლებამოსილება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს. გარდა ამისა, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ გამოიძიებენ მაიდანზე მომხდარ ყველა მკვლელობას, მათ შორის ერთ-ერთი სნაიპერისა და მისი იარაღის წარმომავლობას, რომელის მაიდანზე ტყვიებს ესროდა როგორც სამართალდამცავებს, ისე აქტივისტებს.

ურკაინის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებენ ევროკავშირსა და აშშ-ში, სადაც აცხადებენ, რომ მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ შეთანხმების შესასრულებლად და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

უკრაინაში 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, სულ მცირე, 77 ადამიანია დაღუპული.

კომენტარები