შეტაკებები უკრაინაში

უკრაინის ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეთანხმების დეტალები

ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც დღეს, 21 თებერვალს, უკრაინის ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. შეთანხმებას წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები. საბოლოოდ, პოლონეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის "კარგი კომპრომისი" უკრაინაში კრიზისის დასაძლევად.

BBC-ის ინფორმაციით, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უახლოეს ნახევარ წელიწადში უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო რეფორმა, გარდა ამისა, შეთანხმება იძლევა საშუალებას, უახლოეს 48 საათში რადამ მიიღოს გადაწყვეტილება და უკრაინაში ამოქმედდეს 2004 წლის კონსტიტუცია, რომელიც ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას.

შეთანხმების მე-4 პუნქტის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის დეკემბრამდე ჩატარდება. გარდა ამისა, ხელისუფლების, ოპოზიციისა და ევროკავშირის ზედამხედველობით ჩატარდება უკრაინაში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება.

შეთანხმების მე-5 პუნქტში წერია, რომ ხელისუფლება არ შემოიღებს საგანგებო მდგომარეობას. პარლამენტი მიიღებს კანონს ამნისტიის შესახებ და ციხიდან გამოუშვებენ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრომაიდანზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დააკავეს. ამავე პუნქტის მიხედვით, მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მშვიდობის დასამყარებლად, გაათავისუფლონ ადმინისტრაციული შენობები და ბლოკირებული ქუჩები.

მე-5 პუნქტისვე მიხედვით, ოპოზიციონერმა აქტივისტებმა შესაბამისი კანონის ძალაში შესვლიდან 24 საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჩააბარონ არალეგალური იარაღი. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა და სამართალდამცავებმა უნდა დატოვონ დაპირიპირების ადგილები.

აღნიშნულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს რადიკალური ორგანიზაცია მემარჯვენე სექტორი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დმიტრი იაროში თქმით, შეთანხმებაში არაფერი წერია პრეზიდენტის გადადგომისა და მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების დასჯის შესახებ.

ტაბულა დამატებით ინფორმაციას შეთანხმების სხვა პუნქტების შესახებ პერიოდულად მოგაწვდით.

უკრაინაში 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, სულ მცირე, 77 ადამიანია დაღუპული.

კომენტარები