შეტაკებები უკრაინაში

უკრაინის რადამ 2004 წლის კონსტიტუცია აამოქმედა

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციო უმრავლესობით, 386 ხმით, მხარი დაუჭირა უკრაინაში 2004 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას.

აღნიშნული კონსტიტუცია მნიშვნელოვნად ზღუდავს პრეზიდენტის ძალაუფლებას და აძლიერებს რადას. ეს არის ერთ-ერთი პუნქტი შეთანხმებისა, რომელიც 1 საათის წინ შედგა პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, უკრაინის ოპოზიციასა და ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის.

აღნიშნული შეთანხმების მე-4 პუნქტის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის დეკემბრამდე ჩატარდება. გარდა ამისა, ხელისუფლების, ოპოზიციისა და ევროკავშირის ზედამხედველობით ჩატარდება უკრაინაში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება.

შეთანხმების მე-5 პუნქტში წერია, რომ ხელისუფლება არ შემოიღებს საგანგებო მდგომარეობას. პარლამენტი მიიღებს კანონს ამნისტიის შესახებ და ციხიდან გამოუშვებენ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრომაიდანზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დააკავეს. ამავე პუნქტის მიხედვით, მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მშვიდობის დასამყარებლად, გაათავისუფლონ ადმინისტრაციული შენობები და ბლოკირებული ქუჩები.

მე-5 პუნქტისვე მიხედვით, ოპოზიციონერმა აქტივისტებმა შესაბამისი კანონის ძალაში შესვლიდან 24 საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჩააბარონ არალეგალური იარაღი. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა და სამართალდამცავებმა უნდა დატოვონ დაპირიპირების ადგილები.

აღნიშნულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს რადიკალური ორგანიზაცია მემარჯვენე სექტორი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დმიტრი იაროში თქმით, შეთანხმებაში არაფერი წერია პრეზიდენტის გადადგომისა და მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების დასჯის შესახებ.

ტაბულა დამატებით ინფორმაციას შეთანხმების სხვა პუნქტების შესახებ პერიოდულად მოგაწვდით.

უკრაინაში 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, სულ მცირე, 77 ადამიანია დაღუპული.

კომენტარები