გიგი უგულავას საქმე

მერის მოადგილე: კითხვა, ვინ უნდა აღასრულოს განჩინება, პასუხგაუცემელია

Wikipedia

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის განცხადებით, სასამართლომ კვლავ აარიდა თავი, ემსჯელა საკითხზე, თუ ვინ უნდა აღასრულოს სასამართლოს განჩინება და ვინ უნდა გადააყენოს თანამდებობიდან პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი. აბესაძის თქმით, კითხვა, ვინ უნდა აღასრულოს განჩინება, პასუხგაუცემელია.

“სააპელაციო სასამართლომ კვლავ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკითხი და დაადასტურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. სამწუხაროდ, სასამართლომ კვლავ აარიდა თავი, ემსჯელა საკითხზე, თუ ვინ უნდა აღასრულოს სასამართლოს განჩინება და ვინ უნდა გადააყენოს თანამდებობიდან პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი. სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ მხარეებს მისცემოდათ საშუალება, დასწრებოდნენ ამ პროცესს. დღესაც თბილისის მერიისთვის პასუხგაუცემელია შეკითხვა, ვინ უნდა აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამაზე პასუხი არ აქვს არც საქართველოს პროკურატურას, რომელსაც დაევალა განჩინების აღსრულების ორგანიზება და ჩვენ წერილობით მივმართეთ ორი დღის წინ, თუმცა პასუხი ჯერ არ გაცემულა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლი, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ, პირდაპირ ითვალისწინებს, რომ განჩინების აღსრულება უნდა მოხდეს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ, რომელიც პირდაპირი წესით არჩეულ მერს არ ჰყავს”, - განაცხადა აბესაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებულ გიგი უგულავას ინტერესების დამცველი ადვოკატების და პროკურორების საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, მოსამართლე გიორგი მიროტაძის 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა არც პროკურორების საჩივარი უგულავას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით და არც ქალაქის მერის ადვოკატების საჩივარი მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

გიგი უგულავა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ უგულავა განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"პარტიზანული მოსამართლეობა გრძელდება. ცოტა ხნის წინ ჩემს ადვოკატს ტელეფონით შეატყობინეს, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უფლებამოსილების შეწყვეტა, შეჩერება თუ გადაყენებასთან დაკავშირებით. ველოდები ზემდგომ თუ ზედამხედველ პროკურორს. მაინტერესებს კანონით როგორ უნდა მოხდეს აღსრულება. მე კი, ბრძოლას საკონსტიტუციო სასამართლოში განვაგრძობ", - აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა 22 დეკემბერს, გვიან ღამით, ზეპირი მოსმენის გარეშე შეუჩერა.

კომენტარები