ოთარ ფარცხალაძის საქმე

არასამთავრობოები: ფარცხალაძის ნასამართლობაზე ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მთავარი პროკურორის გერმანიაში ნასამართლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გადამოწმდეს. მათი განმარტებით, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების ნაწილი ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმებას აქამდეც ცდილობდა.

"რადგან ეს უკვე გასაჯაროვდა, უნდა გაირკვეს მისი ნამდვილობა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ოფიციალურად გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა და გააცნოს საზოგადოებას. აქვე გვსურს ვუპასუხოთ კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად აქვს ზოგადად ნასამართლევ პირს მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავების უფლება: "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის "ა" პუნქტის თანახმად, "პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება ნასამართლევი პირი". თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელის მოხდიდან 8 წლის გასვლის შემდეგ, ნასამართლობა ქარწყლდება ნებისმიერი სახის დანაშაულზე. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტებით, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გაქარწყლებული ნასამართლობა ვერ ჩაითვლება რაიმე თანამდებობის და, მათ შორის, მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავების დამაბრკოლებელ გარემოებად. თუმცა, ამ მიმართულებით საბოლოო შეფასების გაკეთება რთულია, სანამ ცნობილი არ გახდება საქმის კონკრეტული დეტალები, მათ შორის, განაჩენის აღსრულების, საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფოებს შორის კომუნიკაციის დეტალები და სხვა", - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ მათ დაუშვებლად მიაჩნიათ, "ყაჩაღურ ქურდობაში" მსჯავრდებულ პირს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავოს.

"ეს ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს პროკურატურის იმიჯსა და რიგითი მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი ორგანოსადმი ნდობის ხარისხზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ფარცხალაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე შეკითხვები ჩნდება არა მხოლოდ ფარცხალაძის, არამედ იმ პირების მიმართაც, რომლებიც მონაწილეობდნენ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაში. შეკითხვები ასევე უკავშირდებათ იმ პირებს, რომლებიც გასულ წლებში გადაწყვეტილებას იღებდნენ ფარცხალაძის საჯარო სამსახურში დანიშვნის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მყისიერად გამოქვეყნდეს ოფიციალური ინფორმაცია და თუ ეს დადასტურდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და პრემიერმინისტრმა, როგორც მთავარი პროკურორის დანიშვნა-გათავისუფლებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა, მიიღონ გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს მთავარ პროკურორს მოვუწოდებთ, თავად გასცეს პასუხი როგორც მის ნასამართლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე იმ კითხვებს, რაც მისი უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ დაისვა. პროკურატურის შესახებ კანონის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ ნებისმიერი რანგის პროკურორი იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი. უკვე მერამდენე დღეა, რაც პრესაში აქტიურად იწერება სტატიები და ისმება კითხვები იმის შესახებ თუ როგორ მიიღო 1976 წელს დაბადებულმა ოთარ ფარცხალაძემ 1995 წელს (ანუ მაქსიმუმ 19 წლის ასაკში) უმაღლესი იურიდიული განათლება. ასევე გასარკვევია, საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი იყო თუ არა იმ დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შექმნილი უმაღლესი სასწავლებელი, როდიდან ჰქონდა აღნიშნულ უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი და ა.შ. ამ დრომდე აღნიშნულ კითხვებზე მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან ვისმენთ არასათანადო პასუხებს, რაც არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა.

გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

საქართველოს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის განმარტებით კი, 2000 წელს ნამდვილად იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ინციდენტი შეემთხვა გერმანიის პოლიციასთან.

"სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა. მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია", - აცხადებს ფარცხალაძე და განმარტებას თავის განათლებასთან დაკავშირებითაც აკეთებს.

მთავარი პროკურორი საკუთარი დიპლომის ასლს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს ღია ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლა დაიწყო 1991 წელს, ხოლო 1995 წლის მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებული ბიოგრაფიის თანახმად, ფარცხალაძე 1976 წელს არის დაბადებული. 

კომენტარები