პანკისის ხეობა

შსს: პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმი არ არის შეყვანილი

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით პანკისში დაპირისპირება 5 მოქალაქეს შორის მოხდა.

"ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია. რაც შეეხება სპეცრაზმის შეყვანას, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. სპეცრაზმი არც გუშინ ყოფილა ადგილზე და არც დღეს არის", - განმარტეს შს სამინისტროში. 

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის. საქმე 239-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. 

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, გუშინ, მომხდარი ინცინდენტის დროს ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმა სპარტაკ ზვიადაური სცემეს. საინფორმაციო ცენტრის ცნობით, კონფლიქტი ეთნიკურ ქისტებსა და ზვიადაურის ძმის მეგობრებს შორის მოხდა.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ჩხუბი სოფელ დუისში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა. თვითმხილველთა თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ჩხუბში, არსებული ინფორმაციით.

ერთ–ერთი ვერსიით, ზვიადაურის ძმის მეგობრები ტბათანადან ბრუნდებოდნენ და ეთნიკურ ქისტებთან შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ჩხუბში გადაიზარდა. პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანასთან დაკავშირებით შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კახეტის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარი არ გააკეთეს.

ადგილობრივი მცხოვრები, აიუბ ბორჩაშვილი „გურია ნიუსთან“ინტერვიუში ამბობს,რომ  კონფლიქტი სოფელში მთვრალი ახალგაზრდების გამოჩენას მოყვა.

„მატნელი ახალგაზრდები საქეიფოდ ყოფილან ხადორში და ჩამოიარეს  მანქანით. გზაში გინება დაუწყიათ: ქისტებო, თქვენი დედაო. ჩვენი ბიჭები გაეკიდნენ და პასუხი მოსთხოვეს შეურაცხყოფისათვის. თითქმის უკვე შერიგებულებიც იყვნენ რომ მატნიდან ახალგაზრდების სხვა ჯგუფი ამოვიდა და ჩხუბი განახლდა. ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო ზვიადაურის ძმა, რომელიც როგორც მე გავიგე საშუალოზე მაგრადაა ნაცემი. ჩვენი ახალგაზრდებიც დაშავებულები არიან, ერთს ნაჯხი აქვს ჩარტყმული“. - ამბობს ბორჩაშვილი.

კომენტარები