პანკისის ხეობა

KRDF: პანკისის ხეობაში არსებული საგანმანათლებლო ცენტრები იხურება

კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის განცხადებით, პანკისის ხეობაში არსებული საგანმანათლებლო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ. ფონდის ცნობით, მეორე წელია ორგანიზაციას ცენტრების შენობებზე იჯარის ხელშეკრულება აღარ უგრძელდება.

ამასთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე სულ უფრო შეუძლებელი ხდება დონორი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერის მიღებაც.

"მრავალმხრივი მცდელობების, დაუღალავი შრომისა და რთულ პირობებში მუშაობის მიუხედავად, რომელიც პანკისის ხეობაში - სოფელ დუისში, ჯოყოლოსა და ქორეთში მდებარე ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრების შენარჩუნებას ემსახურებოდა, დღეს იძულებულნი ვართ მივიღოთ უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება: ცენტრების ფუნქციონირება შეწყდება.

ეს პროცესი მოულოდნელი არ ყოფილა. უკვე მეორე წელია ორგანიზაციას ცენტრების შენობებზე იჯარის ხელშეკრულება აღარ უგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით პრობლემის მოგვარებას, რადგან ეს სივრცეები მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცენტრებია - როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ქალებისა და მთლიანად თემისთვის. მათი მნიშვნელობა ყველაზე კარგად სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს გაცნობიერებული.

გარდა იმისა, რომ ვეღარ ვსარგებლობთ ცენტრების შენობებით, საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე სულ უფრო შეუძლებელი ხდება დონორი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერის მიღებაც. არსებული რეალობიდან გამომდინარე, გვიწევს ამ მძიმე გადაწყვეტილების გახმოვანება.

2000 წლიდან დღემდე, ცენტრები ათასობით ახალგაზრდას სთავაზობდნენ უფასო კურსებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის. ასევე, ადგილობრივ ქალებს ჰქონდათ შესაძლებლობა უფასო კურსები გაევლოთ ჭრა-კერვის, კულინარიის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თექისა და თიხის მიმართულებით. ამჟამად, ცენტრებში 20 ადგილობრივი ქალია დასაქმებული. ხოლო წლების განმავლობაში ასობით ახალგაზრდა სარგებლობდა ცენტრების შეთავაზებული შესაძლებლობებით.

ჩვენთვის განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ ასეთი რთული გადაწყვეტილება გვიწევს, რადგან ყოველდღიურად მუშაობის დროს კიდევ უფრო ნათლად ვგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ახალგაზრდებთან, ქალებთან და მთლიანად თემთან უშუალო მუშაობა". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები