სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულებზე განცხადებას ავრცელებს. სუს-ის ცნობით, მოქალაქეები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანდნენ და სირიაში გამგზავრებას გეგმავდნენ
"გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან". – წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში ტერორისტული სიმბოლიკით გადაადგილდებოდნენ.
"გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს". – წერია განცხადებაში.
სუს-ის ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას გატარდა შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.