საგარეო პოლიტიკა

ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმება: შიდა და გარე იმპულსები

2013 წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 1 ივლისიდან საქართველომ ცალმხრივად, „დროებით შეაჩერა" უვიზო რეჟიმი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ თბილისის ეს ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ზეწოლის შედეგია, მაგრამ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ უფრო რეალისტური მიზეზი საქართველოს დღევანდელი მთავრობის მზარდად იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკაა, რომელიც მჭიდროდაა გადაჯაჭვული ქართული საზოგადოების ახალგამოვლენილ იმპულსებთან.

საქართველომ და ირანმა მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი ირანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოთაქის თბილისში ვიზიტის დროს. შეთანხმება, რომელიც 2011 წლის იანვარში შევიდა ძალაში, ითვალისწინებდა 45-დღიან უვიზო შეღავათს საქართველოსა და ირანის მოქალაქეებისათვის ირანსა და საქართველოში მოგზაურობის დროს. უვიზო მიმოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში ირანელ ტურისტთა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. კერძოდ, თუ 2010 წელს 21 ათასმა ირანელმა იმოგზაურა საქართველოში, 2012 წელს ეს რიცხვი 90 ათასამდე გაიზარდა.

ირანთან უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოს წინა მთავრობის იმ სტრატეგიული ხედვის ნაწილი გახდა, რომლის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანიც ტურიზმის ხელშეწყობა იყო. გარდა ამისა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედუნარიანობის გაზრდა და საქართველოს მოდერნიზაციის მიზნით გადადგმული სხვა ნაბიჯები სრულ ჰარმონიაში იყო ჩვენი რეგიონისთვის სრულიად უპრეცედენტო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან მსოფლიოს 100-ზე მეტ სახელმწიფოსთან. ამდენად, ირანთან უვიზო მიმოსვლის შემოღება საერთო სურათის ნაწილი იყო და არა კონტექსტიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილება.

თუ 2010 წელს 21 ათასმა ირანელმა იმოგზაურა საქართველოში, 2012 წელს ეს რიცხვი 90 ათასამდე

საპოლიციო, უშიშროების, სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების ეფექტიანობის გაზრდა, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც დანაშაულის მნიშვნელოვანი შემცირება და სამოქალაქო უსაფრთხოების გაზრდა იყო, ქმნიდა იმის გარანტიას, რომ უვიზო მიმოსვლა უკონტროლო მიმოსვლას არ ნიშნავდა. ამდენად, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პარალელურად, საქართველო ერთგული რჩებოდა ტერორიზმის და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა, მათ შორის, იმ სანქციების აღსრულების კუთხით, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ.

თეირანში არსებული პოლიტიკური რეჟიმის ბუნებისა და საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით, ირანთან უვიზო მიმოსვლის დაწესება პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის ერთობ გაბედული და, ზოგიერთის შეფასებით, სარისკო ნაბიჯი იყო, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა დასავლეთში, კერძოდ, შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში, განსაკუთრებით კონგრესში, შიშობდნენ, რომ თეირანი, რომელიც, მათი აზრით, ყველანაირად ესწრაფვოდა საერთაშორისო იზოლაციიდან თავის დაღწევას და სანქციათა რეჟიმისგან თვალთმაქცურად დასხლტომას, თბილისს თავისი გეოპოლიტიკური სქემების განხორციელებაში იყენებდა.

დასავლეთში ბევრისთვის გაუგებარი გახდა ის, თუ რა კავშირი უნდა ყოფილიყო შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსსა და ირანთან „დათბობის პოლიტიკას" შორის. ირანის საკითხებში უფრო ჩახედულ პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და ანალიტიკოსებს, თბილისსა და თეირანს შორის უვიზო მიმოსვლაზე მეტად, საქართველოში ირანის სპეცსამსახურებთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიზნესწრეების საქმიანობა აღელვებდათ, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ნავთობპროდუქტებისა და საბანკო სფეროებში.

საქართველოსა და ირანს შორის „დაახლოების" გაბუქებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ვაშინგტონში ბაზირებულმა იმ ლობისტურმა ჯგუფებმა და ანალიტიკურმა ცენტრებმა, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი რუსეთის სპეცსამსახურებთან. მათი მიზანი საქართველოს პრეზიდენტის გაშავება და ორგულობაში დადანაშაულება იყო. ისინი ცდილობდნენ, ისე წარმოეჩინათ მდგომარეობა, თითქოს საქართველოს მთავრობა სიტყვით ვაშინგტონთან და NATO-სთან მეგობრობის მომხრე იყო, საქმით კი შეერთებული შტატებისა და დასავლეთის დაუძინებელ მტერთან, ირანთან იჭერდა საქმეს.
2011 წელს ატეხილი ეს ისტერიკა თანდათანობით მიწყნარდა – განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ, ერთი მხრივ, გაძლიერდა საქართველოს სამხედრო მონაწილეობა NATO-ს ISAF-ის მისიაში, ხოლო მეორე მხრივ, ლიბერალურ რეფორმებზე და მოდერნიზაციაზე ორიენტირებული საქართველოს დადებით იმიჯთან შედარებით, სასაცილოდ გამოიყურებოდა თბილისის წარმოჩენა ირანის, როგორც ტერორიზმის ხელშემწყობი სახელმწიფოს მეგობრად და დასავლეთის მოღალატედ.

2010 წელს საქართველოში 84 ირანული კომპანია იყო დარეგისტრირებული. 2012 წელს ეს რიცხვი 1.489-მდე გაიზარდა.

აქართველოს სასარგებლოდ იმოქმედა გავლენიანი ამერიკელი მიმომხილველების მიერ 2007 წელს მომხდარი ინციდენტის კიდევ ერთხელ გახმაურებამ: საქართველომ დააპატიმრა და ვაშინგტონს გადასცა შეერთებული შტატების მიერ იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში დადანაშაულებული ირანის მოქალაქე ამირ ჰოსეინ არდებილი. სხვათა შორის, ამ შემთხვევამ იმდენად გააუარესა ურთიერთობები ირანსა და საქართველოს შორის, რომ თეირანში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მუქარაც კი გაისმა.

საქართველოსადმი კეთილგანწყობილმა ანალიტიკოსებმა და პოლიტიკოსებმა ნელ-ნელა დაიწყეს საუბარი იმ დადებით ზეგავლენაზე, რასაც ირანის მოქალაქეებზე „მეზობლად მდებარე დემოკრატიულ სახელმწიფოში", ანუ საქართველოში წასვლა და მოგზაურობა იქონიებდა, როგორც ეს 2012 წელს საჯაროდ განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯონ ბასმა.

ირანელი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის სარგებლიანობაზე დისკუსიაში თავისი გადამჭრელი სიტყვა თქვა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. საქართველოში 2012 წლის ზაფხულში განხორციელებული ვიზიტის დროს, იგი იმდენად მოიხიბლა ირანელი და სხვა ეროვნების ტურისტების სიმრავლით, რომ ისრაელში პრესასთან საუბრისას აღფრთოვანება ვერ დამალა და ხაზგასმით აღნიშნა ის, თუ როგორ მეგობრულად ერთობიან ბათუმში, მისი სიტყვებით, „მინი ლას-ვეგასში", და სხვა ქართულ ქალაქებში ირანიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩასული ტურისტები. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირის ამ აღიარებამ, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნები აღარ დაუტოვა ირანთან უვიზო მიმოსვლისადმი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, ხოლო მოწინააღმდეგეებს ხელჩასაჭიდი არგუმენტაცია გამოაცალა.

თუ სახელმწიფო მანქანა გამართულად მუშაობს, სასაზღვრო და სხვა სამსახურები პროფესიონალურად მოქმედებენ და, შესაბამისად, უვიზო მიმოსვლა უკონტროლო მიმოსვლას არ ნიშნავს, საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორი კი არათუ გაგებით ეკიდება სუვერენული ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არამედ იწონებს მას და სარგებელზე მიუთითებს, მაშინ რა მიზეზითაა განპირობებული და რა მიზანს ემსახურება უვიზო რეჟიმის გაუქმება დღეს?
მიმდინარე წლის 11 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მკაცრად გააკრიტიკა წინა მთავრობის ლიბერალური სავიზო პოლიტიკა. „არ არის გამორიცხული ცვლილებების შეტანა ლიბერალურ სავიზო პოლიტიკაში", თქვა მან.

საქართველოს 121 ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა, აქედან 114-თან – ცალმხრივად, რაც ამ ქვეყნების მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ვიზის გარეშე 160 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში. ამ ქვეყნების უმრავლესობამ არათუ იგივეთი არ უპასუხა საქართველოს, არამედ ინფორმაციაც კი არ მიგვიღია, რომ ცნობად მაინც მიიღეს ჩვენი ეს გადაწყვეტილება. არცერთი თავმოყვარე ქვეყანა ამას არ უნდა აკეთებდეს. ასე რომ, არ არის გამორცხული, მთელ რიგ ქვეყნებთან ეს მიდგომა შევცვალოთ. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი ამ ქვეყნიდან არც ტურისტის და არც ეკონომიკური ინვესტიციების შემოდინება არ ხდება. გარდა ამისა, როცა ასეთი ვითარებაა მსოფლიოში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უნდა გავზარდოთ".

მაია ფანჯიკიძის ეს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ პრემიერმინისტრ ივანიშვილის მთავრობას სერიოზულად განუზრახავს ლიბერალური სავიზო პოლიტიკის უკუქცევა. ირანთან უვიზო რეჟიმის შეჩერება თუ შეწყვეტა, როგორც ჩანს, ამ პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ არგუმენტაცია თვალსაჩინოდ არადამაჯერებელია შემდეგი მიზეზების გამო: 1. ირანთან უვიზო მიმოსვლა შეთანხმებით რეგულირდებოდა და, ამდენად, ორმხრივი იყო; 2. უვიზო რეჟიმის შედეგად ირანელი ტურისტების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა; 3. რაც შეეხება ინვესტიციებს, ირანული ბიზნესი, სავარაუდოდ, ფრიად დაინტერესებულია საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებით, რაზეც მეტყველებს ივლისის დასაწყისში თბილისში გამართული ირანული ბიზნესფორუმი და კონფერენცია. Wall Street Journal-ის მიხედვით, 2010 წელს საქართველოში 84 ირანული კომპანია იყო დარეგისტრირებული. 2012 წელს ეს რიცხვი 1.489-მდე გაიზარდა. საქართველოსთვის მთავარია, რომ საერთაშორისო სანქციები არ დაირღვეს და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და გასაგები იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის.

ფანჯიკიძის ზემოაღნიშნული არგუმენტაციის კიდევ ერთი ასპექტია უსაფრთხოებაზე მინიშნება, რაც, ბუნებრივია, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მსგავსად, ირანზეც ვრცელდება, მაგრამ არადამაჯერებელია უვიზო მიმოსვლის პირდაპირ დაკავშირება უსაფრთხოებასთან. ტერორიზმისა და სხვა საფრთხეების პრევენციასა და განეიტრალებაში ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შესაბამისი სამსახურების გამართულ მუშაობას, ვიდრე სავიზო რეჟიმის გამკაცრებას. გარდა ამისა, იმ ფონზე, როცა ათასობით ბრალდებული ამნისტიით გათავისუფლდა, დამნაშავეთა სამყარო გააქტიურდა და დანაშაულმა და დაუსჯელობის განცდამ მოიმატა, არადამაჯერებელი და ცინიკურია სამოქალაქო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საზღვრების ჩაკეტვისთვის მნიშვნელოვანი როლის დაკისრება.

ერთ-ერთი ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ჯეიმსტაუნის ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მსგავსად, მიმომხილველთა ნაწილი ირანთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ივანიშვილის ისრაელში ვიზიტს უკავშირებს. ირანის საკითხი, რა თქმა უნდა, ისრაელის ხელისუფლების მხრიდან წამოიჭრებოდა, მაგრამ არასარწმუნოა, რომ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის თხოვნა ამ დისკუსიის ნაწილი ყოფილიყო.

უფრო რეალისტურია ვიფიქროთ, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმება ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის შემადგენელი ნაწილია, ისევე, როგორც თავის დროზე, უვიზო რეჟიმზე გადასვლა იყო საგარეო სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. თუ 2011 წელს ამოქმედებული ნორმა საზოგადოებრივი და სახელმწიფო ცხოვრების ლიბერალიზაციის სურვილით იყო ნაკარნახევი, 2013 წელს ირანელებისა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის ვიზების ხელახლა შემოღებას ქართულ საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობის ზრდაც ასაზრდოებს. უცხოელებზე მიწის მიყიდვის შეზღუდვა, ახალი რეგულაციები ბიზნესის სფეროში და დღევანდელი მთავრობის ცდუნება, ჩაერიოს საზოგადოების ზნეობრივი ნორმების დადგენაში ის შიდაპოლიტიკური ბერკეტებია, რომლებიც საგარეო პოლიტიკური კურსის გაუხეშებასა და გაუცხოებას უწყობს ხელს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უშლის საქართველოს მიერ გაცხადებული მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებას – NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას.

კომენტარები