ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ბოჭორიშვილის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს.
უწყების ცნობით, ზურაბაშვილმა დიპლომატებს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის, შედეგების, ასევე 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"მინისტრის მოადგილის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია, ასევე 73 მედია საშუალების დაახლოებით 1 000 წარმომადგენელი აკვირდებოდა. საერთო შეფასებამ კი დაადასტურა, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან, გამჭვირვალე პირობებში, საარჩევნო პროცესი ადმინისტრირებული იყო პროფესიონალურად და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავისუფლად ესარგებლათ დემოკრატიული უფლებებით.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, სამართალდამცველებმა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიმართეს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით.
გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრაზე 4 ოქტომბრის მოვლენების ადეკვატური შეფასების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორები გაემიჯნონ და დაგმონ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები, რომლის შედეგადაც დაშავდა არაერთი სამართალდამცველი და ჟურნალისტი, დაზიანდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნოაბით, ზურაბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს "დაუდასტურა სამინისტროს ღიაობა და მზაობა განაგრძოს თანამშრომლობა" პარტნიორებთან და დიპლომატებთან.





