საგარეო პოლიტიკა

ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა – პაპუაშვილი მინისტერიალზე

შალვა პაპუაშვილი

"ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა" - ასე აფასებს ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ივანიშვილის საგარეო საქემთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის არ მიწვევას. 

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ბოჭორიშვილის არ მიწვევა ბრიუსელის "არაკვალიფიციური საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომლითაც ზიანდება თავად ბრიუსელი". 

"სამწუხაროდ, ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა და ეს გადაწყვეტილება კი იმასაც აჩვენებს, რომ უკვე არათუ ფაქტებს უარყოფენ, თუ სად არის საქართველო ეკონომიკური განვითარებით, სად არის საქართველო დემოკრატიული განვითარებით, სად არის საქართველო ინსტიტუციური განვითარებით, სად არის საქართველო ევროინტეგრაციის განვითარებით - არათუ ამას აღარ ხედავენ, რუკას აღარ ხედავენ, გეოგრაფიას აღარ აღიარებენ და ჩვენ ის გვიკვირს რომ მსოფლიო ბანკის და სხვა ორგანიზაციების რეიტინგებს აღარ აღიარებენ?!

გეოგრაფიას როცა აღარ აღიარებენ საგარეო პოლიტიკაში, უპირველეს ყოვლისა მეტყველებს მათზე. ჩვენ ბრიუსელთან ვაწარმოებთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, ვნახოთ, უნდა დაველოდოთ". - თქვა პაპუაშვილმა. 

20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც  მინისტრები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან არიან მიწვეულნი, არ მიიწვიეს ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი.  

როგორც რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, ქვეყანა მინისტერიალზე წარმოდგენილი იქნებოდა ელჩის დონეზე, ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "საქართველო ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას."

კომენტარები