დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა, შეხვედრის შემდეგ ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ ელჩები საყვედურისთვის კი არ დაიბარეს, არამედ იმისთვის რომ ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინათ.
ბოჭორიშვილმა ასევე დასძინა, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში პოლიტიკურადაც მზიანი ამინდი იყო.
"დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეკრება ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ დიპლომატიური კორპუსისთვის მიგვეწოდებინა სრული ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა 4 ოქტომბერს, ასევე ამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში. მათ მიეწოდათ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა პირდაპირ ეთერში. ამასთანავე, იმ გამოძიებებზე, რომელიც მიმდინარეობს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ასევე, საუბარი შეეხო გამოხმაურებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტორების მხრიდან და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს, ქმნის მცდარ აღქმებსა და წარმოდგენებს საქართველოსთან დაკავშირებით. იყო საუბარი ამ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ობიექტურად იყოს საქართველოში მიმდინარე პროცესები შეფასებული და გაკეთდეს ობიექტური და სამართლიანი განცხადებები.
ძალიან ნათელი და მზიანი დღე იყო 4 ოქტომბერი საქართველოში. ძალიან მზიანი და კარგი ამინდი იყო ნამდვილად, არ იყო შავი დღე. პოლიტიკურადაც მზიანი ამინდი იყო საქართველოში ამ დღის განმავლობაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ და სამართლიან შეფასებაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსთან დაკავშირებით, ამაზე ვსაუბრობთ სწორედ, რომ ის განცხადებები, რომელიც ჩვენ კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომელიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იყო გაზიარებული, არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია“ - თქვა ბოჭორიშვილმა.
დღეს, ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ "დიფ სთეითის მართულ ევრობიუროკრატიას არ მივცემთ საშუალებას, რომ ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები, სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს"
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) "თვითმმართველობა 2025"-თან დაკავშირებით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია - "საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა"





