საგარეო პოლიტიკა

"საბჭოური მიდგომაა" – კობახიძე EU-ს მინისტერიალზე ბოჭორიშვილის არ მიწვევაზე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე  20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ივანიშვილის საგარეო საქემთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის არ მიწვევას ევროპის მხრიდან საბჭოური მიდგომებით ხნის. 

როგორც კობახიძე ამბობს, აღნიშნულ საკითხს ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან კავშირი არ აქვს, რადგან ქართული ოცნების "ხელისუფლება არის ლეგიტიმური, ერთადერთი ვინც ანიჭებს ლეგიტიმაციას ხელისუფლებას არის ხალხი".

"ეს არის საბჭოური მიდგომა, როდესაც არ უნდათ ლაპარაკი, კომუნიკაცია. რაც შეეხება ევროპასა და დაკავშირებადობის საკითხს, ევროპა მაქსიმალურად უნდა იყოს, თუ ობიექტურ ინტერესებზეა საუბარი, დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად გაჭრას ახალი ხაზები ეკონომიკური თვალსაზრისით.

ამ ფონზე, როდესაც საქართველოს არ პატიჟებენ მინისტრის დონეზე, რომელიც არის ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანა სწორედ დაკავშირებადობის კუთხით, თავისი გეოგრაფიული პოტენციალიდან, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და როდესაც ასეთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს არ იწვევ, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს მეტყველებს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად". - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელოვნურად, დამატებით ცდილობენ ევროპას ეკონომიკური კავშიების ჩაჭრას, რაც თავად ბრიუსელისთვისაა დამაზიანებელი. 

ცნობისთვის, იგივე თემაზე დასმულ შეკითხვაზე ივანიშვილის წარმოამდგენელმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა".

პაპუაშვილი თქმით, ბოჭორიშვილის არ მიწვევა ბრიუსელის "არაკვალიფიციური საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომლითაც ზიანდება თავად ბრიუსელი". 

20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც  მინისტრები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან არიან მიწვეულნი, არ მიიწვიეს ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი.  

როგორც რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, ქვეყანა მინისტერიალზე წარმოდგენილი იქნებოდა ელჩის დონეზე, ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "საქართველო ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას."

კომენტარები