საკრებულოში გამართული ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე 4 ივლისს საკრებულოს თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატურაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენელმა ზაზა გაბუნიამ განუცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე დასახელდა საკრებულოს თავმჯდომარეობის რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის არიან ჯაბა სამუშია, გიორგი ტყემალაძე, ირაკლი შიხიაშვილი, გულიკო ზუმბაძე და გიორგი მუსხელიშვილი. გაბუნიას განცხადებით, სხდომაზე ასევე იმსჯელეს ახალი უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობაზე.
ფრაქცია ქართული ოცნება - თბილისელების თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო უმრავლესობის ფორმირებაზე. "ვაპირებთ უახლოეს მომავლაში გაფართოებული ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომის მოწვევას და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით კონკრეტულად უმრავლესობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში, მას შემდეგ რაც ის დეპუტატთა ნაწილმა დატოვა, ამჟამად 22 წევრი რჩება, სხვა ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთად 25 წევრს შეადგენენ.





