დაკავება

საპატრულო პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის 3 მხარდამჭერი დააკავა

პატრული
ლექსო ხუბულავა

საქართველოს პროფკავშირების სასახლეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა გაიმართა, რომელსაც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სასახლესთან ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა  - კლუბ თავისუფალი ზონის აქტივისტებმა, აქცია გამართეს, სადაც ვანო მერაბიშვილის დაკავებასა და ცხინვალის რეგიონში მომხდარ მოვლენებს აპროტესტებდნენ. საპატრულო პოლიციამ ამ აქციის 3 მონაწილე   დააკავა.

"ჩვენ არ მოგვწონს ის განცხადებები, რასაც პრემიერი აკეთებს საოკუპაციო ხაზთან მომხდარი მოვლენების შესახებ. რუსების მიერ საზღვრის გადმოწევა არ შეიძლება გაუგებრობად შეფასდეს. ასევე არ მოგვწონს ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება, ამას არასდროს შევეგუებით. სწორედ ამის გამო გავმართეთ აქცია. აქციის მიმდინარეობისას ქართული ოცნების მომხრეები მოგვიახლოდნენ, რომლებიც შეუარცხყოფას გვაყენებდნენ. პოლიციამ კი სამაგიეროდ ჩვენი აქციის მონაწილეები დააკავა", - განაცხადა ტაბულასთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გირშელ ბართაიამ. 

ამასთან დაკავშირებით, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ  დაკავებულთაგან ორი აქციის მონაწილე იყო, ხოლო ერთი - გამვლელი. 

გიორგობიანის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევაში ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მისივე თქმით, დაკავებულებს ხელწერილის დაწერის შემდეგ გაათავისუფლებენ. 

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო ხვალ გაიმართება.

კომენტარები