დაკავება

პროკურატურამ მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე დააკავა. მას თაღლითობის მცდელობას ედავებიან. ძაგნიძესთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

პროკურატურის ინფორმაციით, ძაგნიძე დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დააკავეს. უწყების განცხადებაში წერია, რომ ძაგნიძემ, კერძო არქიტექტორ ვ.მ-სთან შეთანხმებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ერთერთ მოქალაქეს შესთავაზა, რომ ისინი შეძლებდნენ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ შეთანხმებას. ამისთვის მოქალაქეს, ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად, ჯამში 38 000 აშშ დოლარი მოთხოვეს, რაც ამ უკანასკნელმა მათ ეტაპობრივად გადასცა.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების განზრახვით და აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძაგნიძეს ბრალი 31 აგვისტოს წარუდგინეს. გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით, გრძელდება, რაც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

ძაგნიძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

ლევან ძაგნიძე თბილისის მერიაში 2015-2016 წლებში მუშაობდა.

კომენტარები