დამკვირვებლები

სამართლიანმა არჩევნებმა ამ დროისთვის საარჩევნო კომისიებში 55 საჩივარი წარადგინა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ ორგანიზაციის მიერ საარჩევნო პროცესზე განხორციელებული მონიტორინგის მორიგი შედეგები წარმოადგინა.

მისი განცხადებით, 17 საათის მინაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 52 პროცენტი შეადგინა. ეს გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც ამ დროისთვის შეადგენდა 43%-ს. განსაკუთრებით დიდი აქტივობა თბილისში შეინიშნებოდა. სამართლიანი არჩევნების მონაცემებით, დედაქალაქში 17 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 52%-მა მიიღო. ეს მონაცემი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების 17:00 საათის მონაცემებს (41%) 11%-ით აღემატება.

ლომჯარიას განცხადებით, ორგანზიაციამ საარჩევნო უბნებზე რამდენიმე ინციდენტი დააფიქსირა. კერძოდ, გამოვლენილია დამკვირვებლებისათვის ხელის შეშლის ოთხი ახალი ფაქტი - რუსთავის 70-ე, საბურთალოს 61-ე, კასპის 22-ე და ბათუმის 22-ე უბნებზე (ამ უკანასკნელ უბანზე დარღვევა აღმოფხვრილია).

ორგანიზაციამ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბების მცდელობის ორი შემთხვევა გამოავლინა - დმანისის 47-ე უბანზე და ოზურგეთის მე-12 უბანზე, ამ უკანასკნელზე დარღვევა აღმოფხვრილია.

ასევე - არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 4 შემთხვევა ( ნაძალადევის მე-2, გლდანის 106-ე, მესტიის მე-20, გურჯაანის მე-5 და ზუგდიდის 75-ე უბანზე); სხვის ნაცვლად ხმის მიცემის 5 შემთხვევა (რუსთავის 86-ე, ჭიათურის 23-ე, ქუთაისის 107-ე, ბათუმის მე-8 და 31-ე უბნებზე); მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევის 6 ფაქტი (სამგორის მე-4, მესტიის მე-20, წყალტუბოს მე-4, მარნეულის 30-ე, მარნეულის 50-ე, ასევე ბათუმის 35-ე და 105-ე უბანზე. ამ უკანასკნელ უბანზე დარღვევა აღმოფხვრილია).

გარდა ამისა სამაღთლიანმა არჩევნება გამოავლინა სხვა დარღვევის შემთხვევები. მათ შორის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა (მარტვილის მე-9 უბანზე); საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევის 2 ფაქტი ( ქუთაისის 58-ე და 127-ე უბანზე).

ასევე - გადასატანი ყუთის უბნიდან დაგვიანებით გასვლა, სიებში არასათანადო პირების ყოფნა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსება, უბანზე აგიტაცია და ა. შ.

განსაკუთრებულ ყურადღებას, ლომჯარიას განცხადებით, იმსახურებს საგარეჯოს 45-ე უბანი, სადაც, დღის განმავლობაში მოხდა არაერთი დარღვევა. უბანზე დარღვევით ჩატარდა წილისყრა და უბანი გაიხსნა 08:30 სთ-ზე. აღნიშნული კომისიის წევრებმა არ იციან ქართული. დღის განმავლობაში უბანზე არ ხდებოდა საარჩევნო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, დაცული არ იყო ხმის მიცემის ფარულობა, უბანზე იყო ქაოსი. ამასტან დაკავშირებით დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივრები, როგორც საარჩევნო უბანზე, ისე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. მიუხედავად საჩივრებისა, უბანზე კვლავ გრძელდებოდა სვადასხვა სახის დარღვევები. ამ უბანზე სამართლიანმა არჩევნებმა მოითხოვა საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობა და კომისიის წევრების, მათ შორის კომისიის თავჯდომარის, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

ნინო ლომჯარიას თქმით, ამ დროისათვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 38, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 17 საჩივარი.

 

კომენტარები