დამკვირვებლები

ადამიანის უფლებათა ცენტრი რეგიონებში დაფიქსირებულ დარღვევებზე

ინფორმაცია რეგიონებში არჩევნებნის მონიტორინგის შესახებ ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ ორგანიზებულ მედიაცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმოადგინა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, სულ საქართველოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა ცენტრის ასი დამკვირვებელი მუშაობს. ცქიტიშვილმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობას. რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა მიზეზებით განმარტავს.

გარდა ამისა, მისი თქმით, „ტრადიციული პრობლემები“ აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებით დასახლებულ უბნებში, კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტსა და ქვემო ქართლში შეინიშნება. „საარჩევნო უბნებზე ხშირად არის ქაოსი, კაბინაში შედის რამდენიმე ადამიანი, ამომრჩევლებს მიუთითებენ, რომ უნდა შემოხაზონ ხუთიანი. დამკვირვებლებს არ აძლევენ საშუალებას დაწერონ საჩივარი“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სოფელ ყარაჯალაში და დუისში დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს „გაურკვეველი სიები“, სადაც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან შეყვანილი. ამ სიებთან დაკავშირებთ ცენტრმა საჩივრით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა.

ასევე, ცქიტიშვილმა აღნშნა, რომ წყალტუბოში ხორციელდებოდა ზეწოლა ოპოზიციური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე, რომლებსაც პოლიციის სახელით ურეკავდნენ და დაკითვაზე იბარებდნენ.

 

კომენტარები