მედისონ სკვერ გარდენი მოგონებებს აგროვებს და დალპობის პირას მისული გაყინული დიდი ვაშლი ახალ გასართობს გაკვირვებული აკვირდება. ჯერემი ლინმა ნიქსს ჯერ ერთი თამაში მოაგებინა. ნიქსს გაეცინა. ლინმა მეორე მოიგო. ნიქსი ჰამაკიდან წამოდგა, გაიზმორა, მესამე თამაშის მოგების სურვილი გაუჩნდა. ლინმა მოიგო მესამე, მეოთხე, მეხუთე. ნიქსიც ათამაშდა. ტაივანელი, რომელიც ამერიკელია და ჰარვარდი აქვს დამთავრებული, კალათბურთს მაგრად თამაშობს. არ პიჟონობს. აკეთებს ყველაფერს, რაც ნასწავლი აქვს და ჯერემი ლინმა უკვე ბევრი იცის.
ჯერემი კალათბურთს ბრექობის და სვირინგების გარეშე თამაშობს.
12 თებერვალს მისტერ ლინი აღმოსავლეთის კონფერენციაში პირველი კაცი გახდა. ერთ კვირაში ნიქსმა ოთხივე ტესტი აიღო, ჯერემიმ 27.3 ქულა, 8.3 პასი და 2.0 ჩაჭრა აკრიფა. სერიოზული სტატისტიკაა. ლინმა სტატისტებთან ერთად მაგარი სტატისტიკა დაირტყა.
ლინი პირველ ოთხ სტარტში 109 ქულას იღებს. ლინმა ალენ აივერსონის რეკორდი მოხსნა. თავის 7 პასთან ერთად. ლინი ლიგის ისტორიაში პირველია, ვინც პირველ ოთხ სტარტში მინიმუმ 20 ქულას და 7 პასს კრავს. 10 თებერვალს, ჯერემიმ ლეიკერსთან 38 ქულა დასვა. ლეიკერსთან. ლინმა. კობი ბრაიანტთან. ლინმა. კობისთან პირველწლიანი ღლაპები ავტოგრაფებზე დგებიან რიგში. ლინმა კობის თავი დაუქნია, კალათბურთის დონისგან კალათბურთის თამაშის ნებართვა აიღო და შეუბერა.
როგორც იცოდა, ისე შეუბერა და ნიუ იორკმა ჯეკ ნიკოლსონის ფავორიტებს 92:85 უკბინა.
მედისონში ჩადის იუტა და ლინმა ჯაზი თავისი დისტორშენით გადაფარა, 28 ქულა, 8 პასი და 2 ჩაჭრა დადო. ნიქსი 99:88 იგებს.
8 თებერვალს ლინი ვაშინგტონშია. ობამას რარიტეტული იუმორი ერთი საღამოთი არაპოპულარულია. ხალხს არ ეცინება. ვაშინგტონელები ალექს ოვეჩკინზე არ ჭორაობენ. ვაშინგტონში ლინია და ბიჭმა ელეგანტური დრიბლინგით ისევ მოიგო. 107:93.
ლინი თავის კალათბურთს თამაშობს და მალე ნიქსი უფრო მოაზროვნე გუნდი იქნება.
ლინი ნიქსამდე ორ გუნდში მიდის. ბიჭი ზედმეტი იყო ჰიუსტონში. როკეტსმა კევინ მარტინს და კაილ ლოურის მესამე სწრაფი ტერორისტი არ დაუძმაკაცა. ლინი ზედმეტია გოლდენ სტეიტში და იქ, ოკლენდში, ნიჭს ძირითადად ვერ ამჩნევენ. გოლდენ სტეიტმა რობერტ პერიშის და კრის უებერის მერე, კიდევ ერთი ნიჭიერი ლეკვი გააგდო. ლეკვი მედისონ სკვერ გარდენმა დაიტოვა, გემრიელი სენდვიჩი აჭამა და ჯერემი ლინი უკვე რეალური მტაცებელი, ყველაფერზე აცრილი დინგო გახდა.
ლინი აგროვებს ვიდეოთამაშებს. ბევრი ვიდეოთამაში აქვს.
ლინი აგროვებს კომიქსების სერიას ჰელბოიზე. ბევრი კომიქსი აქვს.
ლინი აგროვებს ვიდეომასალებს მაიკლ ჯორდანზე. მაგარი კადრები აქვს. ლინიც მაგარი კადრია. თუ არ დაილეწება, მალე ვიდეოთამაშს ჯერემიზე გააკეთებენ, ბავშვები ლინზე კომიქსების შეგროვებას დაიწყებენ. ჯორდანი სხვა თემაა.
ლინი: „ნიქსში მენდობიან და ამას ვაფასებ. როდესაც გუნდში კარმელო, ამარე და ტაისონი გყავს, ყოველთვის მეოთხე, მეხუთე ოფცია ხარ. მწვრთნელმა დამაყენა პირველ ხუთეულში და მიდი, გაერთეო. ვერთობი. თან ვთამაშობ. თან ვიგებთ. სეზონის ბოლომდე კიდევ ბევრი თამაში გვაქვს მოსაგები. ნიქსიც შეიცვალა”.
აღმოსავლეთში ლებრონი, უეიდი და ბოში აპრილიდან უსახელო ნაძირლებივით მიხედავენ საქმეს.
დუაიტ ჰოვარდი ჯერ უნდა დალაგდეს, რა უნდა, სად უნდა, რატომ უნდა.
ატლანტა ალ ჰორფორდის გარეშე კუთხეში დგას და თუ მოტრიალდება, თითებში ეგრევე სახაზავი ხვდება.
მილუოკიმ ენდი ბოგატი ისევ სარეაბილიტაციო ცენტრში გაუშვა და უბოგატოდ, მილუოკიც სარეაბილიტაციო გუნდია.
ჩიკაგოში სუდანელი ძველი ბიჭი, ლუოლ დენგი ადრე ცხვრებით ვაჭრობდა და დღეს, დერიკ როუზზე შეუცვლელია. ეს უკვე შემდეგი თემაა. დენგი რიგში დგას.
რჩება ნიქსი. ასაწყობი და ცოტა აჭრილი კარმელო ენტონი ჯერ ვერ გაიქცა, ცუდი პროცენტით და ნატკენი მაჯით ისვრის. ამარე სტაუდმაიერმა ძმა დაკარგა.
და ნიქსში ჯერემი ლინი მონახეს. ლინმაც ნიქსი გაშანსა და გუნდს ფლეი-ოფში გასვლის შანსი აჩუქა.
ნიქსისთვის ლინიც საჩუქარია.