პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუს კალათბურთელ დანიილ კასატკინს პატიმრობა მიესაჯა.
სპორტსმენს ჰაკერულ დაჯგუფებასთან კავშირი ედება ბრალად.
26 წლის კასატკინი შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს. შემთხვევა ჯერ კიდევ 21 ივნისს მოხდა, 8 ივლისს კასატკინს წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივეს. მედიისთვის სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაცია ახლა გახდა ცნობილი.
კალათბურთელის დაკავების მოთხოვნა აშშ-მა წარმოადგინა. გამოძიების თანახმად 2020-2022 წლებში ჰაკერების დაჯგუფებამ, რომელთან კავშირი კასატკინს ედება ბრალად, აშშ-ს ტერიტორიაზე, თაღლითური პროგრამის მეშვეობით 900 კომპანია, მათ შორის 2 ფედერალური დაწესებულება აზარალა.
რუსი კალათბურთელი ყველა ბრალდებას უარყოფს.
კასატკინი რუსულ კლუბ МБА-МАИ-ში თამაშობდა. 3 ივლისს, კლუბმა განაცხადა, რომ კალათბურთელი მათ რიგებს ტოვებს.





