კალათბურთი

ჩვენი კაცი ევროპაში

თორნიკე შენგელია უკვე ჩამოყალიბებული კალათბურთელია უზარმაზარი პერსპექტივით და თუ ბოლომდე ასეთი მონდომებული იქნება, ბოლომდე მივა. ბოლომდე, ანუ ამერიკულ ლიგამდე. შენგელია 20 წლისაა და პატარებში შაკივით დასეირნობდა. თოკომ შარშან, სარაევოში, ოცწლამდელების B დივიზიონში ბავშვებთან დიდების კალათბურთი ითამაშა და საქართველოს ნაკრებს ერთი დივიზიონი აჩუქა, A დივიზიონამდე აგვწია. მერე უფროსების გარჩევები მოდის და შენგელია არ იკარგება, სათქმელს ამბობს. FIBA Europe ავტორიტეტული, კალათბურთში სერიოზული ხალხის ორგანიზაციაა. ამ ხალხმა დაამთავრა ონლაინგამოკითხვა და გულშემატკივრებმა, ევროპაში, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ თორნიკე შენგელია დაასახელეს. მაგარია.

რთულია გააკეთო ის, რაც გინდა და არ იცი, როგორ. პატარებში 40 ქულის, 21 მოხსნის, უკომპლექსო თამაშის მერე, შენგელიასთან მოდის უფროსი ბიძა და ჭკუას ასწავლის. უფროსი ბიძა ევროპის ჩემპიონატია. იქ დანიელი და რუმინელი თინეიჯერების კოხტა სავარძლებში მძიმედ ეშვებიან კირილენკოები, ლორბეკები, მაკალებები. იქ დიდი ბიჭების კალათბურთი წავიდა და შენგელიამ დიდივით ითამაშა. პატარაა და დიდივით ირბინა. ცოტა შეუჩვეველი, ცოტა მოუმზადებელი იყო და ნაკრებს ბევრი აჩუქა. შენგელიამ მოუმატა, ბონუსი დასვა და თოკო კარგი იყო.

შარლერუა კალათბურთში სიენაა. მილანები და იუვენტუსები იქვე გოლფით ისვენებენ და შარლერუა ქვაფენილზე დარბის, ტრენაჟორებზე კუნთურ მასას იღებს, სიტუაციას ეჩვევა. შარლერუაში შენგელია თითქმის პირველი კაცია. კალათბურთით პირველია და დანარჩენ ამბებში, თოკოზე წინ ბელგიელები და ერთჯერადი ამერიკელები დგანან. კრისტოფ ბეგინიც შარლერუაში იღლება. კრისტოფ ბეგინმა წინა საკვალიფიკაციოში ბლომად ჩაგვიყარა და კარგად იცენტრა. ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე ბეგინი თოკომ, ჩვენმა ნაკრებმა და ჩვენმა მაღლებმა გადაჭრეს. შენგელია შარლერუაში მეოთხე ნომერია. ისედაც მეოთხე ნომერია და თუ საჭიროა, იცენტრებს.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა კაცმა 8.8 ქულა, თითქმის 5 მოხსნა აიღო და მომენტებში ძალიან კარგი იყო. თოკომ აკრიფა ფოლები რუსეთთან და ეს მოსულა. იქ დევიდ ბლატმა 19 წლის ბავშვზე კალათბურთის დოუელი, ანდრეი კირილენკო მიუშვა. თოკომ ბერძნებს, უკვე მეორე ეტაპზე 25 წუთში 11 ქულა მიარტყა. ფინეთთან შენგელია 28 წუთში 12 ქულას, 6 მოხსნას, 2 მაგარ პასს კრავს.

კალათბურთში მშვიდად ვართ. იგორ კოკოშკოვი ამერიკულ ტერიტორიაზე ესწრება ლექციებს და იქ ათვისებული ინფორმაცია ჩვენთან, თორნიკესთან, ზაზა ფაჩულიასთან, ყველასთან მოაქვს. თუ სადღაც რაღაც გვაკლდება, ვინიშნავთ და მერე იმავე შეცდომას არ ვუშვებთ. კალათბურთში სუსტს მოუგებ. იქ დაწოლა არ მოსულა. საბონისი პეტროვიჩს არაფერს არ აძლევდა და დრაჟენი საბასს ისე, კალათბურთით უგებდა. კოკოშკოვის ბანდამ აჭრა ლიტვაში ბელგია, უკრაინა, რაღაც ვერ გათვალა ბულგარეთთან და მეორე ეტაპის ვიზაც მოგვცეს.

ლიტვაში კარგი იყო. კარგი იყო შენგელია და პატარებში, დიდებზე ახალგაზრდებში, თორნიკე ერთ-ერთი საუკეთესოა.

გულშემატკივრებისგან განსხვავებით, ახალგაზრდებში ექსპერტებმა პირველი ადგილი იონას ვალანჩუნასს დაუტოვეს. ლიტველი მაგარი ბიჭია. ამერიკაში წასვლა ერთი წლით გადადო და მანამდე ლიეტუვოს რიტასში აზრზე მოვა, კაცებთან კაცურად თამაშს ისწავლის. ვალანჩუნასი ცენტრია და უკვე ტორონტოს ეკუთვნის.

სერიოზული ნიჭი დევს ნიკოლა მიროტიჩში. ცოტა ბრექი, უკვე ზედმეტად პოპულარული მონტენეგროელი ესპანეთის ოცწლამდელებშია და მალე გასოლებთან, კალდერონთან, ნავაროსთან ერთად ივახშმებს. მიროტიჩი რეალში ასაკს და რეალს უსწრებს. ევროლიგაზეც იცნობენ, პატივს სცემენ. შენგელია ამ ევროლიგაზე ორჯერ გადის მიროტიჩზე. პირველი ტესტი თორნიკემ 11 ქულით და 9 მოხსნით დახურა, მიროტიჩს 9 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი აქვს. მეორე თამაშში ნიკოლამ 12+2 დასვა. შენგელიას ისევ 11 ქულა მოაქვს. თავისი 5 მოხსნით.

უკვე ამერიკაშია თურქი ენეს კანტერი და იუტაში თავის წუთებს, ყურადღებას და ნაკერებს იღებს. კანტერი ცოტა მოუქნელი პერსონაჟია და მოუქნელ გუნდში ამერიკულ რესტლინგს ეჩვევა. მალე უკეთესი იქნება. თურქეთის ნაკრებში სამი მაღალი დობერმანი დგას – კანტერი, ომერ აშიქი და სემიჰ ერდენი. კანტერი ცენტრია.

ძირითადად, დიდებში ეს ბიჭები და შენგელია გავლენ შემდეგ დონეზე. ალბათ, ცისფერი გუნდის ფლეიბოი, ალესანდრო ჯენტილეც ვარსკვლავის სივის მიიღებს. იტალიელები პატარებში თითო პოტენციურ ნოვიცკის სულ პოულობენ.

FIBA Europe დიდების ტერიტორიაზეც გავიდა და საუკეთესო ნოვიცკი გახდა. ნავარომ ესპანეთს ბევრი მისცა, მაკალებმა მაკედონიას – ყველაფერი. ნოვიცკი სხვა დონეა. ნავარომ ევრობასკეტი მოიგო, დირკმა ლებრონს შემოარტყა. ნოვიცკი 685 ქულით პირველია და მერე, ათეულში ზიან ნავარო (460), მაკალები (191), პო გასოლი (169), კირილენკო (146), ტონი პარკერი (131), დიმიტრის დიამანტიდისი (129), ნიკოლა ბატუმი (32), დუშკო სავანოვიჩი (27) და მეორე გასოლი (20).

დიდების ტერიტორიაზე მალე ჩვენი ბიჭიც შევა. თავის ასაკში, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაღალი ტერორისტი, რომელიც უმატებს და არ ისვენებს. არ დადის კინოში და ღამის კლუბებში, არ იღებს რედ ბულის და არყის პოპულარულ, ქართველი სპორტსმენების საყვარელ მიქსტს, არ ეკეტება ჭკუა ვერსაჩეს ძვირ ძონძებზე. თორნიკე შენგელია მაგარი მოთამაშეა.

ჩვენი სურვილია, უკეთესი გახდეს.

გახდება.

 

 

კომენტარები