მანუ ტრინკიერისთან მიდის. ტრინკიერი გამოუძინებელი ქიმიკოსივით დგას. აბურძგნული თმა, ნომრიანი სათვალე, ნახევრად ამოჩეჩილი, ცოტა დაღეჭილი პერანგი და დიდი დაფა. მწვრთნელებს რომ უჭირავთ, ის დაფა. ტრინკიერის იმ დაფასთან ერთად ეღვიძება. დაფა ანდრეას ძმაკაცია. კანტუში ჯერ მწვრთნელია და მერე ყველა მოთამაშე. წელს, ბარსელონადან ჯანლუკა ბაზილე მივიდა და კალათბურთის დელ პიეროც ყველაფერზე თავს უქნევს ტრინკიერის. მანუმ ქოუჩს მოუსმინა, გასაგები გაიგო და მოთელვაზე დაბრუნდა.
ტრინკიერიმ მარკოიშვილი შარშან უფრო დატვირთა. მანუ მეორე ნომერია. რბილი მაჯით, მაღალი საკალათბურთო ინტელექტით, ჩამოყალიბებული პროფის აზროვნებით, მაგარი მუხლებით. მარკოიშვილი ნდობას და გამოცდილებას აგროვებს და ტრინკიერი ამას აფასებს. ეს ჟალგირისშიც იციან.
მანუმ ჟალგირისთან თავიდან ეგრევე ორი ფოლი მიიღო. მწვრთნელი ჩვენს კაცს ასვენებს. ბოლო მეოთხედში მარკოიშვილი ისევ ხუთეულშია და კანტუმ მინუს 13 ამოქაჩა, ჟალგირისს პიჟონური კალათბურთისთვის წამოარტყა. კანტუ თამაშში 51:64-ის შემდეგ მარკოიშვილმა დააბრუნა. ჩააგდო ოთხი მეტრიდან. აიღო ბურთი დაცვაში. ჩასვა სამი მეტრიდან, დააშვებინა შეცდომა მანტას კალნიეტისს. შევიდა და ლიტვურ უბანში კიდევ ორი ქულა დაირტყა. თავისი ფოლით და ის 1 ქულაც წამოიღო. სამ წუთში მარკოიშვილი 7 ქულას იღებს. პალა დესიოში მანუ დაიმარცვლა. ბოლო ქულა შერმადინმა აიღო და კანტუმ 79:78 მოიგო.
მარკოიშვილი: „გაგვიმართლა. ჟალგირისი ფიზიკურად ჩვენზე უკეთ არის მომზადებული, ჩვენზე აგრესიული, მაღალი გუნდია. წელს რამდენიმე თამაშში მძიმე, აგრესიულ დაცვასთან პრობლემები გვქონდა. ბარსელონას ბარსელონაში ვუგებდით და ვერ გავქაჩეთ. ბარსელონამ აგრესიით, უკეთესი დაცვით მოგვიგო. იგივე კალათბურთი წავიდა ჟალგირისთან. უბრალოდ, საკუთარ დარბაზში უფრო გაგვიმართლა, ვიდრე ესპანეთში”.
რეალის შემდეგ კანტუს ევროპაში ყველაზე ბევრი ევროპული ფინალი აქვს მოგებული. ევროლიგას ჩემპიონთა თასი ერქვა და კანტუმ ის თასი ორჯერ (1982-83) აიღო.
სულ ადრე, პირველი მოგებული ფინალი ყრუ მწვრთნელს, ლუიჯი ჩიჩორიას უკავშირდება. 1942. კანტუ მუსოლინის თასს იგებს და თასს მუსოლინისგან იღებს. სამი წლის მერე, აპრილში ბენიტო მუსოლინი კომოს ტბასთან იტალიელმა პარტიზანებმა აიყვანეს. დუჩე მორჩა. კანტუც მორჩა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კანტუ მესამე ლიგამდე ეშვება, მერე მოდის სპონსორი და 1954-ში კანტუ ისევ ზედა ეშელონშია. ტომ ბერჯესთან, კარლო რეკალკატისთან და ბორის სტანკოვიჩთან ერთად, გუნდი იტალიის ჩემპიონი ხდება. კანტუ მთელი იტალია იყო.
დღეს ამ კლუბის ერთ-ერთი ლიდერი მარკოიშვილია.
მარკოიშვილი: „კანტუს ტრადიციები კარგად ვიცი. გუნდს იტალიაში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. რაღაც პერიოდში რომამ, ვირტუსმა, სკავოლინიმ, მონტეპასკიმ გაგვასწრეს და დღეს, კანტუ ისევ იტალიური კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერია. მონტეპასკიში მეტი ინვესტიცია დევს და მეტი შესაძლებლობით უფრო სერიოზულ მოთამაშეებს ყიდულობენ. კანტუ ნაკლებით მეტის აღებას სწავლობს, ეჩვევა, ცდილობს სტაბილურობის დაბრუნებას. შარშან იტალიის ჩემპიონატში მონტეპასკისთან ფინალი წავაგეთ და ცოტა მეტი გამოცდილებით, ალბათ, სერიის შემოტრიალება შეიძლებოდა. ტრინკიერი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია. სწრაფად ითვისებს ყველაფერს. სულ რაღაცას ინიშნავს, იმახსოვრებს, უყურებს სხვა თამაშებს. მასთან მუშაობა სასიამოვნოა”.
მარძორატის იტალიის ნაკრებში 278 თამაში ჰქონდა. ბევრ წუთში ნიჭიერმა ფლეიმეიქერმა 2 209 ქულა აკრიფა. 1976-ში მარძორატი ევროპის საუკეთესო მოთამაშეა. ცისფერი გუნდი პიერლუიჯისთან ერთად სამჯერ (1971, 1975, 1985) გადის ევრობასკეტზე მესამეზე. ფიბას დიდების დარბაზი (2007), ევროპის ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშის კლუბის წევრი, პოპულარული გოგონებში და არაპოპულარული თამაშის დროს. ძირითადად, სხვა გუნდებისთვის. 54 წლის მარძორატიმ ექვსი წლის წინ კანტუს იუბილეზე (კლუბი 70 წლის გახდა) ოფიციალურ თამაშში მიიღო მონაწილეობა, ორ წუთში ორი ქულა აიღო და კანტუმ ბენეტონს 70:69 მოუგო.
დღეს მარძორატი ბაზილეა. ჯანლუკა თავის წუთებს იღებს, მანუს წუთებსაც იღებს და ტრინკიერი ვეტერან გენიოსს ენდობა.
მარკოიშვილი: „ბაზილე ლეგენდაა. 37 წლის არის და თითქმის ყველაფერი აქვს მოგებული. კანტუში კარიერის დასამთავრებლად არ მოსულა და 20-25 წუთს ქაჩავს, ათ ქულამდეც იღებს. შარშან მეტი დრო მქონდა და თუ მწვრთნელი თვლის, რომ ამ ეტაპზე ბაზილემ, ან ვინმე სხვამ ჩემზე მეტი უნდა ითამაშოს, პრობლემა არ არის, მწვრთნელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ, გავიგებ. კანტუ არ არის რომელიმე გამორჩეული ინდივიდუალისტის კლუბი. ყველას თავისი დრო, დატვირთვა აქვს და ტრინკიერიმ იცის, რომ ბოლო წუთზე ყველას შეუძლია ენდოს. ამ განწყობით, ამ ნდობით შარშან იტალიაში მეორე ადგილზე გავედით. იმედი მაქვს, დრო გამეზრდება და მერე, სეზონი რომ მორჩება, შევხვდები მწვრთნელს, დავილაპარაკებთ. კანტუსთან სეზონის ბოლომდე მაქვს 1+1 კონტრაქტი და კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელების უფლება იმ კონტრაქტით მე მრჩება”.
კანტუ ოთხჯერ იგებს საპორტას თასს (1977, 1978, 1979, 1981). მარძორატისთან ერთად.
კანტუ ოთხჯერ იგებს კორაჩის თასს (1973, 1974, 1975, 1991). იმ გუნდის მწვრთნელები არნალდო ტაურისიანო (1969-79) და ფაბრიციო ფრატესი (1990-92) იყვნენ. კლუბმა ორჯერ გაშალა ფლეში საკონტინენტთაშორისო თასზე (1975, 1982). კანტუ ლეგენდაა. იტალიური ლეგენდა. ის, ძველი ტორინო რომ იყო, ისეთივე ლეგენდა. ტორინო ტურინში იუვენტუსზე მაგრად უყვარდათ და კანტუ იტალიაში იტალიის ნაკრებზე საყვარელი, იტალიური გუნდი იყო. 1991 წლის კორაჩზე, კანტუმ ფინალში ორივე გარჩევა მოუგო რეალს. ჯერ 73:71. მერე 95:93, დამატებით დროში. ამ ევროლიგაზე კანტუმ პირველი ეტაპი გაიარა და ფლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს.
მანუ ევროლიგაზე არასრულ 20 წუთს იღებს. არასრულ ოც წუთში 8.3 ქულას, 2.3 მოხსნას და 2.2 პასს იღებს. დაცვაში მაგრად ზის, სამიანების 40 პროცენტს აგდებს, სანდო პერსონაა. დრო შემცირდა, პროფესორი ბაზილე ჩვენი კაცის წუთებს იღებს და მარკოიშვილი არ წუწუნებს, საქმეს ბოლომდე აკეთებს.
პალა დესიო ჟალგირისთან გარჩევამდე ერთი საათით ადრე გაივსო. ზედა იარუსებიდან გადმოკიდეს ორი ძველი დროშა. ის დროშები, წინა გენერაციების თინეიჯერებმა რომ იცოდნენ და ამ გენერაციის თინეიჯერებმა რომ უნდა იცოდნენ. კანტუს დროშები. პალა დესიო კანტუს არენაა და ევროლიგის კიდევ ერთი თამაში აითვისა. კანტუში ქართული ინტერესიც დევს. იქ მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი არიან. ჟალგირისთან ორივე იყო და ჟალგირისთან ორივემ დაგლიჯა. ანდრეა ტრინკიერი ჯერ ისევ პირველ ხუთეულზე ფიქრობს.