საგარეო პოლიტიკა

2012-ის საგარეო საფრთხეები და მათთან გამკლავების გზები

იმისათვის, რომ 2012 წელს საქართველომ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს წარმატებით გაართვას თავი, მან მის ხელთ არსებული დიპლომატიური და სხვა რესურსები მიზანმიმართულად და ყაირათიანად უნდა დახარჯოს, ოთხი მთავარი სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად: 1. შიდაპოლიტიკური სტაბილურობა; 2. ეკონომიკური ზრდა; 3. ევროატლანტიკურ სივრცეში შემდგომი ინტეგრაცია და 4. რუსული საფრთხის განეიტრალება/შემცირება.

ამ ამოცანების შესრულების გზაზე თბილისს რამდენიმე პოტენციურად ხელშემშლელი საერთაშორისო და რეგიონული ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: 1. დაძაბულობის ზრდა დასავლეთსა და ირანს შორის ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის გამო; 2. რუსეთის შესაძლო მოქმედება სპარსეთის ყურეში ვითარების შემდგომი გაუარესების, განსაკუთრებით კი ომის, შემთხვევაში; 3. აზერბაიჯანისა და სომხეთის გამალებული მილიტარიზაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობით უკმაყოფილების ფონზე, რაც ზრდის კონფლიქტის განახლების ალბათობას; 4. რუსეთის მიერ აზერბაიჯან-სომხეთის ომის შესაძლო გამოყენება, გიუმრის სამხედრო ბაზის დაცვის საბაბით საქართველოში შემოსაჭრელად.

მართალია, საქართველოს ზემოაღნიშნულ გამოწვევებზე პირდაპირი ზემოქმედების საშუალებები არ აქვს, მაგრამ მას შეუძლია არაპირდაპირი ხერხების გამოყენებით, მათი უარყოფითი შედეგების შემცირება ან, სულაც, თავიდან აცილება.

თბილისმა ძალღონე არ უნდა დაიშუროს, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში კარგად გაითვითცნობიერონ საქართველოს უსაფრთხოების საკითხი დასავლეთსა და ირანს შორის კონფრონტაციის ზრდის კონტექსტში. რუსეთში დაუფარავად აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდასხმა ირანზე მათ პირდაპირ უბიძგებს, თავიანთი ინტერესები დაიცვან ირანის საზღვრის სიახლოვეს, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში, რაც, მათივე მტკიცებით, ვერ მოხდება სომხეთში დისლოცირებულ გიუმრის ბაზასა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით, სახმელეთო მომარაგების ხაზის აღდგენის გარეშე.

ქართული დიპლომატია ვალდებულია, ამერიკელები და ევროპელები დაარწმუნოს, რომ საქართველოში რუსეთის შემოჭრა სავსებით რეალურია აშშ-ირანის ომის შემთხვევაში, ხოლო მოსკოვის მიერ საქართველოს ოკუპაცია, საფრთხეს შეუქმნის ირანის მიმართ დასავლეთის სტრატეგიული ამოცანის შესრულებას რეგიონში მოსკოვის ფარდობითი ძლევამოსილების გაზრდის გამო.

ირანის ომი საქართველოსათვის, ისევე როგორც მთელი რეგიონისათვის, უზარმაზარი რისკის მატარებელია, მაგრამ რისკი გაცილებით

მაღალია იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ომის დროისათვის NATO-ს წევრი არ იქნება, რადგანაც აშშ-ს და მთლიანად დასავლეთს არამოკავშირეების დასაცავად რესურსი არ ეყოფათ. ეს სიტუაცია, ცოტა არ იყოს, მოგვაგონებს 1918-21 წლებს, როდესაც დროის ძალიან მოკლე პერიოდში ფინანსური და სხვა პრობლემების გამოისობით დიდი ბრიტანეთის ინტერესების დაცვის ხაზმა კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან სამხრეთისკენ, ირან-ერაყისა და ინდოეთისკენ ჩაინაცვლა, რითაც ისარგებლა ბოლშევიკურმა რუსეთმა და მთელი კავკასია და ცენტრალური აზია დაიკავა.

აშშ-ირანის ომთან შედარებით აზერბაიჯან-სომხეთის ომს გლობალურ არენაზე კოლოსალური პოლიტიკური და ფინანსური შერყევა ნამდვილად არ მოჰყვება. თუმცა, რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, რუსეთი ამ კონფლიქტსაც სამხრეთ კავკასიაში მასშტაბური შემოჭრისათვის და რეგიონში აშშ-ის ფეხის ამოსაკვეთად გამოიყენებს. მეტიც, მოსკოვს ბაქო-ერევნის კონფლიქტის მართვას ვერავინ დაასწრებს აზერბაიჯანისა და სომხეთის ელიტებზე თავისი გავლენიდან და შეიარაღების მიწოდების მასშტაბიდან გამომდინარე. ის კი არა, რუსეთი შეეცდება დასავლეთის თვალში ქულების დაწერას იმის მტკიცებით, რომ მისი სრულფასოვანი სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიაში, არა მარტო მეომარი მხარეების დაშოშმინებას ემსახურება, არამედ რეგიონში გამავალი „ბედის ანაბარა მიგდებული” მილსადენების დაცვასაც. სხვათა შორის, სამხრეთკავკასიური მილსადენების დაცვის მოტივს რუსეთი აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის შემთხვევაშიც გამოიყენებს სამხრეთ კავკასიაში შემოსაჭრელად.

ყარაბაღის კონფლიქტის განახლებიდან გამომდინარე, საფრთხე საქართველომ მუდმავად უნდა წამოჭრას ამერიკელებთან და ევროპელებთან დიალოგის დროს. რაც უფრო მეტად იქნება დასავლეთი ჩართული ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, მით ნაკლებად მიეცემა რუსეთს მანიპულაციის საშუალება. გარდა ამისა, თბილისმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ აშშ-სა და ევროპაში არ შენელდეს ინტერესი კასპიისპირა ენერგორესურსებისადმი და სამხრეთკავკასიური მილსადენებით მათი გატანისადმი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირანისა და ყარაბაღის კრიზისების გამწვავება რუსეთს შესაძლებლობას უქმნის, რომ სამხრეთ კავკასიაში შემოჭრა გაამართლოს. მაგრამ ის, თუ რატომ უნდა ეწადოს კრემლს ექსპანსია სამხრეთ კავკასიაში, მხოლოდ იმპერიული ძლევამოსილების აღდგენის სურვილით უნდა აიხსნას. კრემლში ფორმალურად დაბრუნების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი ენერგიულად შეუდგება თავისი სტრატეგიული პროექტის, ევრაზიული კავშირის, განხორციელებას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსია იმის თაობაზე, რომ რუსეთის არსებობა იმპერიული ფორმით მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მომტანია რუსებისათვის (და იმპერიაში შემავალი სხვა ხალხებისთვის). ევრაზიული კავშირის შექმნას ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რაც ხალხის მასებში ამ იდეის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ვერავინ იტყვის იმას, თუ რამდენი წელი ეყოფა პუტინის სტრატეგიული ჩანაფიქრის განხორციელებას. ვერც იმას იწინასწარმეტყველებს ვერავინ, თუ როდის გადაიზრდება ომში ირანისა და ყარაბაღის კრიზისები. მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ რუსეთის ქცევის მართვა სავსებით შესაძლებელია. მისი ექსპანსიონისტური ამბიციის ჩაფუშვის ერთი მეტად ეფექტიანი საშუალება დასავლეთის მხრიდან თბილისისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაა ან აშშ-საქართველოს სამხედრო შეთანხმებით, ან NATO-ში საქართველოს გაწევრიანებით.

NATO-ს ჩიკაგოს სამიტამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. ამბობენ, ალიანსის გაფართოება ამ სამიტზე არ იეგეგმებაო, მაგრამ თეორიულად ყველაფრის შანსი არსებობს. საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად ინტენსიური საერთაშორისო კამპანიის წარმოებაა საჭირო, რისთვისაც უნდა შეიქმნას სპეციალური მრავალმილიონიანი ფონდი, რომელიც ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინსა და სხვა დედაქალაქებში NATO-ში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას მოახდენს. ამ საქმის უსათუო შედეგი იქნება საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ზრდა, რაც ადრე თუ გვიან ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებაში აისახება.

მოსკოვი 2012 წლის შემოდგომაზე კავკასიაში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკაზ-2012”-ის ჩატარებას გეგმავს. საომარ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ სამხედრო მანევრებში ჩართული იქნება ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და სომხეთში დისლოცირებული ჯარები. თბილისმა ამ საკითხს „განსაკუთრებულად პრიორიტეტულის” მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს, რათა თავდაუზოგავი საერთაშორისო კამპანიით წვრთნების მასშტაბის შეკვეცას მიაღწიოს.

იმ დროს, როდესაც რუსეთის კონფრონტაციული მიდგომის გამო, ფაქტობრივად აღარ მოქმედებს ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ, რუსეთის მხრიდან პროვოკაციული და ეუთოს სივრცისადმი უაღრესად მტრული ჟესტია ამგვარი წვრთნების ჩატარება. ეს შავი ზღვის რეგიონის და მთლიანად ევროპის უკლებლივ ყველა სახელმწიფომ კარგად უნდა გაიცნობიეროს. საქართველოს რიტორიკაში ასევე უნდა ფიგურირებდეს ის, თუ რამდენად ვნებს ასეთი წვრთნების ჩატარება სოჭის ოლიმპიადას, რომელიც სექტემბერში დაგეგმილი წვრთნებიდან 1.5 წელიწადში გაიმართება.

2012 წლის განმავლობაში რუსეთი, სავარაუდოდ, ინტენსიურად გააგრძელებს საერთაშორისო მოსყიდვის პოლიტიკას, განვითარებადი სახელმწიფოების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისათვის. აღიარების პრევენციისათვის თბილისს მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება უწევს, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით ერთი წუთით არ უნდა მოდუნდეს. აღიარების პრევენცია ერთი დამატებითი საშუალებაა იმისათვის, რომ საქართველომ ფარდობითად განიმტკიცოს თავისი საერთაშორისო პოზიციები და რუსეთს დაანახოს, რომ იგი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო თანამეგობრობას უპირისპირდება „ახალი რეალობის” ლეგიტიმაციის მცდელობით.

2012 წელს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები მასშტაბურია. მათთან გასამკლავებლად მხოლოდ მთავრობის დიპლომატიური ძალისხმევა არაა საკმარისი. უაღრესად აქტუალურია ქართული საზოგადოების ჩართულობა ყველა დონეზე. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საჭიროა ისეთი მოქმედებების მთელი გამა, რომლებიც დასავლეთის რესურსებს საქართველოს, როგორც ევროატლანტიკური სივრცის ფაქტობრივი ნაწილის, მხარდასაჭერად მიმართავს.

 

კომენტარები