რუსეთი WTO-ში

რუსეთი WTO-ში: შეთანხმება მიღწეულია

WTO-ში გასაწევრიანებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსეთმა საქართველოსთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ 2 ნოემბერს, გვიან საღამოს, მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა განაცხადა.

როგორც მან რუსულ სააგენტოებთან საუბრისას აღნიშნა, ორმხრივი შეთანხმების პროექტი „ეფუძნება ჩვენ მიერ შეთავაზებულ კონცეფციას, არ სცდება რუსეთის პრინციპულ პოზიციებს” და „რეგიონში შექმნილ რეალიებს შეესაბამება”. მედვედკოვის განმარტებით, „ვაჭრობის მონაცემების აუდიტის მიზნით” კერძო კომპანია იქნება მოწვეული, რომლის შედეგებსაც საქართველო და რუსეთი WTO-ს მონაცემთა ბაზაში გააგზავნიან. კომპანია, მისი თქმით, რუს და ქართველ მებაჟეებს ადმინისტრირების ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დაეხმარება.

უფრო დეტალური განმარტებები მედვედკოვმა Associated Press-თან საუბრისას გააკეთა. დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მონიტორინგი მოიცავს როგორც ვაჭრობას საქართველოსა და რუსეთს შორის, „ასევე ეხება ტვირთებს, რომელიც გადის რუსეთის საბაჟო ტერიტორიიდან, თუმცა არ შედის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე” – ანუ, იმ ტვირთებს, რომლებიც რუსეთიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შედის.

კომპრომისულ წინადადებაზე მოსკოვის თანხმობა მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დაადასტურა. „რაც ჩვენმა წარმომადგენელმა, გვარად მედვედკოვმა თქვა, მე, როგორც მედვედევი, სრულად ვადასტურებ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთში, G20-ს სამიტის მსვლელობისას ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. განცხადება იმის თაობაზე, რომ შეთანხმება WTO-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მიღწეულია, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმაც გააკეთა.

საკუთარი წინადადება შვეიცარიამ მხარეებს 26-27 ოქტომბერს გამართულ კონსულტაციებზე შესთავაზა. თბილისი მას დათანხმდა, მოსკოვმა კი მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მოითხოვა. 31 ოქტომბერს შეთანხმების დეტალების დასაზუსტებლად საქართველოს შვეიცარიის პრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი ეწვია.

როგორც თბილისში განმარტავენ, რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგი ორკომპონენტიან სისტემას გულისხმობს. პირველი – საზღვარზე ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი, მეორე კი მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემაა. დამკვირვებლებს მესამე მხარე – შვეიცარია დაიქირავებს.

შეთანხმების პროექტი რუსეთსა და საქართველოს შორის სამი „სავაჭრო დერეფნის” ცნებას ითვალისწინებს. ორი მათგანი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მოიცავს, მესამე – ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ტერიტორიას.

დამკვირვებლები დერეფნების ორივე მხარეს განლაგდებიან – რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან. პროექტში არ არის მითითებული საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სტატუსი და არც რუსეთ-საქართველოს საზღვრის მდებარეობა. დამკვირვებელთა დისლოკაციის ადგილად კი მხოლოდ გამშვები პუნქტების დასახელებები – ფსოუ და როკი არის მითითებული.

მიღწეული შეთანხმება საქართველოს დიპლომატიური გამარჯვებაა, – განაცხადა 3 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, აქამდე ქართულ მხარეს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის საზღვარზე მიმდინარე გადაადგილებების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.

პრეზიდენტის განცხადებით, WTO-ში გაწევრიანებაზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები, 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ ჩიხში იყო შესული. მიმდინარე წელს მოლაპარაკებების განახლების შემდეგ მოსკოვი თბილისის მოთხოვნას ეწინააღმდეგებოდა. „ისინი მუდმივად უარს ამბობდნენ ამ საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორინგზე. რუსეთის პირველი წინადადება იყო – არანაირი მონიტორინგი, მეორე – მონიტორინგი მხოლოდ იმ დერეფნებზე, რასაც თავად თვლიან საქართველოდ, მესამე – მონიტორინგის ორმაგი რეჟიმი. ანუ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შესულ ტვირთზე ინფორმაციას, რასაც თვითონ ჩათვლიდნენ საჭიროდ, WTO-ს მიაწვდიდნენ”, – განმარტა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ქართულმა მხარემ, ჯამში, 10 სხვადასხვა წინადადება უარყო. შვეიცარიასთან ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ, ერთობლივი წინადადება შემუშავდა, რომლის თანახმად, ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი კონკრეტული კოორდინატების მიხედვით, ფსოუსა და როკის გვირაბზე მოხდება.

„პრინციპი – ოკუპანტი მხარეც დათანხმდეს საზღვრების საერთაშორისო კონტროლს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სამართლებრივი სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

თბილისთან მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთი დასავლეთს ღიად მოუწოდებდა საქართველოზე ზეწოლა მოეხდინა. თუმცა, ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად საქართველოსთან კომპრომისის მიღწევაა აუცილებელი.

საქართველოს თანხმობის შემდეგ, რუსეთის WTO-სთან გაერთიანების შესახებ, შესაძლოა, უკვე 15 დეკემბერს, ორგანიზაციის მინისტერიალზე გამოცხადდეს.

 

კომენტარები