რუსეთი WTO-ში

რუსეთის საბჭომ ფედერაციის WTO-ში შესვლასთან დაკავშირებით პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი საბჭოს წევრებმა 144 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღეს. ამ გზით რუსეთმა მრავალმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებების შესრულების ვალდებულება აიღო.  

გასულ კვირას დოკუმენტს მხარი პარლამენტის ქვედა პალატამაც დაუჭირა. სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაერთიანებას მხარი მმართველი პარტიის ”ედინაია რასიას” წარმომადგენლებმა დაუჭირეს. დოკუმენტის წინააღმდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები გამოვიდნენ. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის მოწინააღმდეგეებმა ოპოზიციის წარმომადგენლების ორგანიზებით რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს.

სასამართლომ გასული წლის დეკემბერში ხელმოწერილი დოკუმენტი ფედერაციის კონსტიტუციის შესაბამისად ცნო. მას შემდეგ, რაც რუსეთის პირველი პირი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ პროტოკოლს ხელს მოაწერს, ფედერაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

WTO-ში გაწევრიანებას რუსეთი 1993 წლიდან ცდილობს. მისი უკანასკნელი ბარიერი საქართველო იყო, რომელიც გასულ წელს დათანხმდა ორგანიზაციაში ფედერაციის შესვლას მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიიღო შვეიცარიის შუამავლობით შემუშავებული სქემა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის სავაჭრო დერეფნების მონიტორინგის შესახებ.

კომენტარები