რუსეთი WTO-ში

რუსეთი WTO-ში – ბოლო შანსი

27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის შედეგად ქართული მხარე დაეთანხმა შუამავლის, შვეიცარიის, წინადადებას, რომელმაც მხარეებს შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა. რუსულმა მხარემ მოსაფიქრებლად გარკვეული დრო მოითხოვა.

ტაბულა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძეს ესაუბრა. მან განაცხადა, რომ შვეიცარიის ახალი წინადადება, ისევე როგორც წინა შემოთავაზება, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფიზიკური მონიტორინგის ორკომპონენტიან მექანიზმს – საზღვარზე მონიტორინგის განხორციელებას და ინფორმაციის გაცვლის ელექტრონულ სისტემას – ითვალისწინებს

კრემლს სურდა, მონიტორინგი მხოლოდ ვირტუალური ხასიათის ყოფილიყო. შვეიცარიელთა შეთავაზებაში კი საქართველოს პოზიცია აისახა, რომელიც საზღვარზე დამკვირვებლების ყოფნასა და მათ მიერ ტვირთების შემოწმებას გულისხმობდა,

მოლაპარაკებების განმავლობაში, რუსული მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მონიტორინგის საერთაშორისო ეგიდით წარმოებას. შვეიცარიელთა წინადადება სასაზღვრო მონიტორინგის კერძო კომპანიის მიერ ჩატარებას ითვალისწინებს. ამ კომპანიას რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურა – მაგალითად, ევროკავშირი ან შვეიცარიის მთავრობა – დაიქირავებს.

მოსკოვს სურდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მიმავალ ტვირთებზე განსხვავებული მონიტორინგის რეჟიმი ყოფილიყო. შვეიცარიის შეთავაზებაში ეს მიდგომა არ აისახა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ განმარტა, რომ მონიტორებს, რომლებიც ფსოუსა და როკის გვირაბთან განლაგდებიან, კონტრაქტი ევროკავშირთან ან შვეიცარიასთან ექნებათ გაფორმებული და პასუხისმგებლებიც მათ წინაშე იქნებიან. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, როგორც თბილისისა და მოსკოვისთვის, ასევე WTO-სთვის ხელმისაწვდომი იქნება.

შეთანხმების პროექტი მხარეთა შორის დავების მოგვარების მექანიზმსაც ითვალისწინებს. სერგი კაპანაძის თქმით, უთანხმოების შემთხვევაში მხარეები ჰააგაში მდებარე მუდმივ საარბიტრაჟო სასამართლოს (Permanent Court of Arbitration) მიმართავენ. ამ ინსტანციის გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის სავალდებულოა.

რუსული მხარის წარმომადგენლებმა 27 ოქტომბერს განაცხადეს, რომ წინადადების შესასწავლად რამდენიმე დღე დასჭირდებათ. ამავე დღეს შვეიცარიის პრეზიდენტი ამ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა.

მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინ დასავლურ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომლის მიხედვითაც, დასავლეთმა რუსეთის WTO-ში გაწევრიანების მიზნით საქართველოზე ზეწოლა გააძლიერა. ობამას ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის შესახებ „შემაშფოთებელ” ცნობებზე, გასულ კვირაში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმაც ისაუბრა.

ბეინერის განცხადებით, WTO-ში გაწევრიანებამდე რუსეთმა საქართველოსთან სასაზღვრო დავები უნდა მოაგვაროს. უთანხმოება კი „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით” უნდა გადაილახოს.

როგორც Wall Street Journal-ის მიმომხილველმა, კეიტ ჯონსონმა ბეინერის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რესპუბლიკური პარტიისთვის რუსეთის პოლიტიკის კრიტიკა მნიშვნელოვან თემად იქცა. ბეინერი იმ საკითხებს იმეორებს, რომელიც პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ წამოსწია წინ: გაფრთხილება ქცევის საბჭოთა მეთოდებისკენ რუსეთის შემობრუნებისა და ენერგომატარებლების გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენების შესახებ. როგორც ავტორი აღნიშნავს, რესპუბლიკელები ცდილობენ WTO-ში რუსეთის გაწევრიანების თემა მოსკოვზე ზეწოლისთვის ისეთ საკითხებში გამოიყენონ, როგორიც ადამიანის უფლებები და საქართველოს საზღვრების პატივისცემაა.

ჯონ ბეინერის განცხადების საპასუხოდ, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ტომი ვიეტორმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია „ურყევია თავის ვალდებულებებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”. მისი თქმით, აშშ არ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას WTO-ში, სანამ რუსეთი და საქართველო შეთანხმებას არ მიაღწევენ.

თბილისი უარყოფს ამერიკის ან ევროპის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ ტაბულას განუცხადა – საქართველომ მხედველობაში მიიღო მოკავშირეების ინტერესი რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ხოლო საქართველოს მოკავშირეებმა, თავის მხრივ, გაითვალისწინეს თბილისის მოთხოვნა, საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის მონაკვეთზე საერთაშორისო მონიტორინგის შესახებ. დოკუმენტში კომპრომისული ტერმინოლოგია შევიდა, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე ყურადღებას არ ამახვილებს. თბილისს იმედი აქვს, რომ კრემლს კომპრომისულ წინადადებაზე უარის თქმა გაუჭირდება. თუმცა, თანხმობის შემთხვევაში, მოსკოვის წინაშე, შეთანხმების საკუთარ „გამარჯვებად” წარმოჩენის ამოცანა დადგება.

 

კომენტარები