8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი ასევე ითხოვს სამოქალაქო თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ ცნოს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
რეზოლუცია - "საქართველოში არჩევნების კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ" - ჰააგის დეკლარაციის ნაწილი გახდა. ეს არის ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესიის დასკვნითი დოკუმენტი, რომელიც 4-8 ივლისს ნიდერლანდებში გაიმართა. სესიას ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასამბლეის სამუშაო პროცესი რეზოლუციის მიმართ პროტესტის ნიშნით დატოვეს.
მოწოდებები თბილისისადმი
ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გადახედოს ან გააუქმოს ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა.
ის ასევე ითხოვს 2024 და 2025 წლების არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამჭვირვალე გამოძიებას და პასუხისმგებელ პირთა დასჯას.
დოკუმენტი მოითხოვს რეფორმებს - ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის მონაწილეობით - სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.
ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ ზეწოლისა და შიშის გარეშე.
შეშფოთება არჩევნების გამო
პარლამენტარებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლო ორი არჩევნის მიმდინარეობის გამო.
ნახსენებია ეუთო-ODIHR-ის დასკვნა, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლის დაშინებით, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლითა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევით წარიმართა.
ყურადღება ასევე გამახვილდა 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დაფიქსირებულ პრობლემებზე - სავარაუდო გაყალბებაზე, ხმების მოსყიდვაზე, ე.წ. "კარუსელით" ხმის მიცემასა და ოპოზიციური დამკვირვებლების ხელის შეშლაზე.
შემზღუდავი კანონები
რეზოლუცია გმობს რიგ კანონებს, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს.
დოკუმენტის თანახმად, ეს კანონები ზღუდავს მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებაზე "მსუსხავ ეფექტს" ახდენს.
ასამბლეის შეფასებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ და ხელისუფლების კონცენტრაციამ დე ფაქტო ერთპარტიული მმართველობა შექმნა და საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
დოკუმენტი ასევე გმობს ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებასა და მათზე ზეწოლას.
მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისადმი
ასამბლეამ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, არ ცნონ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები, თუ სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები მათ თავისუფლად და სამართლიანად არ შეაფასებენ.
ასამბლეამ ასევე მოითხოვა ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის გაგრძელება მთელ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში.




