გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე ავტომობილით თავდასხმის დაგეგმვისთვის ხუთი მამაკაცი დააკავეს.
სამი მაროკოელი, ერთი ეგვიპტელი და ერთი სირიელი მამაკაცი 12 დეკემბერს დააკავეს. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა "ისლამისტური მოტივით" იგეგმებოდა.
პროკურორების თქმით, ეგვიპტელი - 56 წლის მამაკაცი, თანამზრახველებს სავარაუდოდ "ავტომობილით თავდასხმისკენ მოუწოდებდა… რაც მიზნად რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკვლას ან დაშავებას ისახავდა". პროკურორების მიხედვით, მას მაროკოელი მამაკაცები თავდასხმის განხორციელებაზე დათანხმდნენ.
ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, როდის უნდა განხორციელებულიყო დაგეგმილი თავდასხმა ან კონკრეტულად რომელი ბაზრობა იყო სამიზნე, თუმცა აღნიშნა, რომ მათი ვარაუდით, საქმე მიუნხენის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დინგოლფინგ-ლანდაუს რაიონში არსებულ ბაზრობას ეხებოდა.
გერმანულმა გაზეთმა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგვიპტელი მამაკაცი ამ რაიონში მდებარე მეჩეთის იმამი იყო.
პოლიციის განცხადებით, მაროკოელი 30, 28 და 22 წლის ასაკის მამაკაცები მკვლელობის ჩადენაზე თანხმობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 37 წლის სირიელ მამაკაცს დანაშაულის წახალისებას ედავებიან.
ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში გერმანიაში, მაგდებურგში მომხდარ თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.





