შსს

"ყველანაირად უნდა, რომ გამანადგუროს" - რას ამბობს იოსებ სიგუა ცოლის ბრალდებებზე

იოსებ სიგუა, სოფიო სიგუა-შატბერავა
Sofia Sigua/Instagram

"ადამიანმა კარგად იცის ჩემი საქმიანობა პოლიციაში, იცის როგორ მიყვარს ჩემი სამსახური და ზუსტად იმ ადგილას დამარტყა" - ამბობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი იოსებ სიგუა, პროპაგანდისტულ TV იმედთან ინტერვიუში, მეუღლის ბრალდებებზე. 

"სოფიას მიერ ჩემს მიმართ არის ძალიან მძიმე ბრალდებები წარდგენილი, ეგ ყველაფერი არის სიტყვიერი, რომელსაც კარგად ახერხებს და კარგად ლაპარაკობს, მაგრამ არის აბსურდი. 

როგორ მიგაჩნია ადამიანთან იცხოვრო 13 წელი, რომელიც ძალადობს, ყოველ ორსულობაზე ვცემ, გაუსაძლის მდგონარეობაშია, ვემუქრები, ვძალადობ და ამას ახლა ამხელს 13 წლის მერე, მანამდეც თურმე ეშინოდა და ვერ ბედავდა, ეს არის ორივე აბსურდი. 

ადამიანს თუ ასე ეშინია მეუღლის, არ წამოვა მასთან ერთად საზღვარგარეთ, არ დაისვენებს ათი დღე და წელიწადში შეიძლება სამჯერ წავსულიყავით სხვადასხვა ქვეყნებში. 

სოფოს მიზანია რეპუტაციაზე ზიანი მომაყენოს, ყველანაირად უნდა, რომ გამანადგუროს." - თქვა სიგუამ. 

ამავე სიუჟეტში სოფია სიგუა-შატბერავა მიყენებულ დაზიანებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არსებობს ისეთი ფოტომასალა და ვიდეოებიც, სადაც რთული გამოსაცნობია რომ სურათზე თავად არის.

ერთ-ერთ ასეთ სურათზე, რომელსაც იგი ჟურნალიტს აჩვენებს, იოსებ სიგუას ადვოკატმა თეონა გვაზავამ თქვა, "ფოტოზე რეალურად გამოსახულია ქალბატონი სოფია სიგუა, რომელსაც აქვს ალერგიული რეაქცია. ფოტოს უგზავნის ბატონ იოსებ სიგუას შესაბამისი ტექსტით - "ნახე, როგორი მძიმე ალერგიული რეაქცია მაქვს."

გვაზავას განცხადებით, არ ჰყავთ მოწმე, რომელიც იტყვის რომ 13 წლის განმავლობაში შეესწრო არათუ ძალადობის, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს. 

იმედის რეპორტაჟში სოფია სიგუას მამამ, ალექსანდრე შატვეროვმა, თქვა რომ იოსებ სიგუა მის შვილს არ სცემს.

"ეს არის ყველაფერი დატოვებული ისევ ქონებაზე იმიტომ, რომ არავინ მაგას არ სცემს, არ ძალადობს, ეს არის ტყუილი. 

მე ვდგავარ სიმართლის მხარეს, ზოგმა შეიძლება თქვას შვილს გადაუდგაო, არა აქ არის სიმართლე, უდანაშაულო ადამიანი რატომ უნდა წავიდეს ციხეში."


9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი იოსებ სიგუა დაინიშნა. იქამდე, სიგუა თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.

11 ივლისს, სამთავრობო მედია რუსთავი ორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და "აპირებს სამართლებრივ დავას ცილისწამების წინააღმდეგ". 

საქმე ეხება სოფია სიგუა-შატბერავას ბრალდებებს, რომელიც მეუღლეს ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

სოფია სიგუამ ამასთან დაკავშირებით პირველად 4 ივლისს, ნოდარ მელაძის შაბათთან ინტერვიუში განაცხადა. 

"ყოველთვის მემუქრებოდა - "იქნება გაუხსნელი მკვლელობა, ეგ ხომ იცი, ჩემზე უკეთ არავის გამოსდისო", მცდელობაც ჰქონდა, აივნის მოაჯირზე დამსვა და მაგდებდა, კადრები მქონდა, თუმცა თვითონ წამიშალა. რაკი დღის შუქი იყო და ბევრი მეზობელი იყო, მიხვდა, რომ არასარფიანი დრო შეარჩია. მეუბნება - "წაგიყვან, კასრში ჩაგდებ და დაგმარხავ, უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოგაცხადებ" - ამბობს ქალი.

სოფიო შატბერავა-სიგუას და სოფიო სიგუას სამი შვილი ჰყავთ. დაზარალებულის თქმით, "ბავშვები ტირიან - "დედა, მოგკლავს?". ეს ყველაფერი მათაც იციან და ეშინიათ, დედა არ მოკლას მამამ. მამამ, რომელიოც პოლიციელია".

"ჩვეულებრივი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი მუდამ და ვიყავი ჩუმად. ადამიანი რომ ცოლს ასეთი სისასტიკით ექცევა, ის გარეთ რას იზამს... როგორც დაკავებულს, [ისე მექცეოდა], სახეზე არასდროს დაზიანება არ მქონია, თავში მუშტით მაგდებდა ძირს, იციან კარგად, როგორ არ უნდა დაგეტყოს [ძალადობის კვალი]" - ამბობს სოფიო შატბერავა-სიგუა.

TV პირველის მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, იოსებ სიგუას 2026 წლის თებერვალში შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. სოფიო შატბერავა-სიგუას თქმით, ჩატარდა სასამართლო სხდომაც. ქალი ამბობს, რომ მის მეგობარ ადვოკატს შს მინისტრის მოადგილემ, რონი მესხმა დაურეკა და უთხრა, რომ საქმისთვის ხელი "არავითარ შემთხვევაში" არ უნდა მოეკიდა.  

თავად რონი მესხი TV პირველთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ "ოჯახური კონფლიქტი აქვს ორივეს".

10 ივლისს, საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია წერდა, რომ იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური უკვე შეაბეს. თავდაპირველად, შსს-ს მაღალჩინოსანს პოლიცია "ვერ პოულობდა".

11 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა იოსებ სიგუასთვის ელექტრონული სამაჯურით ზედამხედველობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

კომენტარები