აშშ-ს სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფი შეთანხმდა კანონპროექტზე, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისცემს უფლებამოსილებას, რუსეთის ენერგორესურსების მსხვილ მყიდველებსა და ირანს დამატებითი შეზღუდვები დაუწესოს.
კანონპროექტი აფართოებს ირანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთის გაზისა და ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას. ის პრეზიდენტს აძლევს უფლებას, ტარიფები დაუწესოს რუსეთის ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს მყიდველს.
Bloomberg წერს, რომ კანონპროექტს სენატში ამ კვირაში მიღების მაღალი შანსი აქვს, თუმცა ის კანონად, სავარაუდოდ, სექტემბრამდე ვერ იქცევა, რადგან წარმომადგენელთა პალატა აგვისტოს არდადეგებზეა გასული.
პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე მიანიშნა, რომ მხარს უჭერს ამ ინიციატივას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ავტორი უკრაინისა და საქართველოს მეგობარი აშშ-ს სენატორი, გარდაცვლილი ლინდსი გრემი იყო. კანონპროექტზე პროცედურული კენჭისყრა სამშაბათს გვიან გაიმართება.
გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, კანონპროექტი პრეზიდენტს უფლებას აძლევს: 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსეთის ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს მყიდველ ქვეყანას; სანქციები დააწესოს იმ ხუთ ქვეყანაზეც, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკულ სექტორში სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში კანონპროექტს უკრაინის აქტიური მხარდამჭერები, მათ შორის ლინდსი გრემი, დიდი ხნის განმავლობაში უჭერდნენ მხარს, ინიციატივამ შესაძლოა დამატებითი დაძაბულობა გამოიწვიოს აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობებში ჩინეთსა და ინდოეთთან, რომლებიც რუსეთის ენერგორესურსების უმსხვილესი მყიდველები არიან.
აღსაინიშნავია, რომ ზოგიერთი დემოკრატი კანონპროექტს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ტრამპმა შესაძლოა ის ფართომასშტაბიანი ახალი ტარიფების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენოს.
ცნობისთვის, ახლა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. დღის განმავლობაში ზელენსკი ასევე კონგრესის წევრებს შეხვდება.
კანონპროექტი ასევე 2031 წლამდე ახანგრძლივებს 1996 წლის ირანის სანქციების აქტის მოქმედების ვადას, რომელიც წელს იწურებოდა. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს მეორად ეკონომიკურ სანქციებს უცხოური კომპანიების მიმართ, რომლებიც ირანთან საქმიანობენ.




