ქართველი პუტინისტები, ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მჟავანაძე, რომელიც პრორუსული განწყობების პროპაგანდისტია ბოლო დროის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ის უნივერსიტეტში სწავლობს. როგორც თავად ამბობს, "რუსოფობიის წნეხისგან თავის დაღწევის მიზნით" ჩავიდა რუსეთში. ფიფიას წინააღმდეგ ჩაწერილი ვიდეო მან ბელარუსიდან გაავრცელა.
რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მამუკა ფიფია საქართველოში რეგისტრირებული ღიად პრორუსული პარტიის, სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერია.
27 ივლისს გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც მამუკა ფიფიას ეძღვნებოდა, მჟავანაძემ პირველ რიგში უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მისი რუსეთში ჩასვლიდან მცირე ხნის შემდეგ პრორუსმა ბიზნესმენმა გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც წერდა, რომ მასთან აღარ თანამშრომლობდა.
"ჩამოვდგი თუ არა ფეხი ამ რუსეთში და დავიწყე რაღაც აქტიური მოქმედებები, ვხედავ აკეთებს განცხადებას პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის - არ ვიცი საერთაშორისო მდივანია თუ ლიდერია ეს კაცი, თვითონ ვერ გარკვეულან, ლიდერი ვარო იძახის - ლიდერი აკეთებს განცხადებას, რომ მე ნიკოლოზ მჟავანაძესთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვსო. არანაირი ურთიერთობა აღარა მაქვს ამ ეტაპზეო. ისე, რომ არავის უკითხია, გაქვს ურთიერთობა, არა...
არადა მე ამ კაცთან მქონდა რამდენიმეწლიანი ურთიერთობა, გარკვეული თანამშრომლობა გვქონდა, როგორც ბევრ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მონაწილე ადამიანებთან მქონია ურთიერთობა. ახლა, როცა ეს საზოგადოება ხედავს, რომ ნიკოლოზ მჟავანაძესთან მამუკა ფიფიას ურთიერთობა ჰქონდა და ახლა იძახის, რომ არაა აქვს, ესე იგი, ნიკოლოზ მჟავანაძე ცუდი პიროვნებაა. აბა რატომ ახლა აღარ უნდა ურთიერთობა ხო? ანუ ეს იყო პირდაპირი დარტყმა ჩემზე." - ამბობს მჟავანაძე
2026 წლის 16 იანვარს მამუკა ფიფიამ საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ საუბრობდა "ყველასთან" და აინტერესბდა "ყველა ადამიანის აზრი", თუმცა მათ მითითებებს არ აძლევდა. მან დაამატა: "ჩავთვალე საჭიროდ განმარტება გავაკეთო, რომ არავითარი შეხება და კავშირი არ მაქვს, ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებთან და ასევე ამ ეტაპზე აღარ მაქვს საქმიანი ურთიერთობა ნიკოლოზ მჟავანაძესთან!"
მჟავანაძის მტკიცებით, გასულ პერიოდში მამუკა ფიფია მის წინააღმდეგ მოქმედებს და ხელს უშლის მუშაობის დაწყებაში და ამბობს: "ეს კაცი ყველანაირად მებრძვის მე".
"ეს ფიფია, როდესაც ასე თავს დამესხა, იმის შემდეგ, მეგობრებო, თუ დამიჯერებთ და თუ ჩემს ყველა სიტყვას დაუჯერებთ - ყველგან ეს კაცი ფეხებში მებლანდება. ყველგან, სადაც ფეხს დავდგამ, ურეკავს ადამიანებს, მაგალითად - მჟავანაძე სამსახურში არ მიიღო, მჟავანაძე ცუდი პიროვნებაა." - ირწმუნება მჟავანაძე.
"მთელი ჩემი ცხოვრება, რუსულ-ქართული ურთიერთობების ფლანგზე არის ის, რომ ვინმე თუ გამოჩნდება, ტრიბუნას ვუთმობ, თუ საქებარი არ არის, პირიქით - ვაქებ." - დაამატა პუტინისტმა.
მჟავანაძემ ფიფიასთან დაკავშირებით თქვა, რომ თავდაპირველად "მის მიმართ სიმპათიას" ავლენდა და ეგონა, "რომ ეს კაცი არის ნორმალური ადამიანი". მჟავანაძის თქმით, მასთან ინტერვიუების შემდეგ, "კეთილი ნებით" მას ბიზნესმენმა გარკვეული თანხა ჩაურიცხა. როგორც თავად ამბობს, "მან ქართული კარგად არ იცის" და თანხა ამ სიძნელეების გადასალახად იყო განკუთვნილი, რადგან გადაცემის დამონტაჟება სამი საათი უწევდა.
"მერე, შემდგომში, რახან მე ფულს ვუხდიო, ალბათ ჩათვალა, ეს კაცი ჩემი მონა უნდო იყოსო. დაიწყო რაღაც შეურაცხმყოფელი რაღაცები და მე უკვე გავწყვიტე მასთან ურთიერთობა. სხვათა შორის, ბევრმა გაწყვიტა მასთან ურთიერთობა." - თქვა მჟავანაძემ.
მჟავანაძის თქმით, ფიფიას მისი ტელევიზიის გარდა არავინ აშუქებდა, შემდეგ კი - "ეს კაცი გაგიჟდა, ჭკუიდან შეიშალა". ამის მიუხედავად. მჟავანაძის თქმით, ფიფიასთან გარკვეული ურთიერთობები მაინც შეინარჩუნა. მისი თქმით, ბიზნესმენმა საკუთარ თავზე მიიღო მისი კრიტიკა, რომელიც "რუსულ-ქართულ ფლანგზე" თაღლითებს ეხებოდა. გავრცელებული ვიდეოს მომდევნო ნაწილში მჟავანაძემ ილაპარაკა, თუ როგორ დაემუქრა მას მამუკა ფიფია 26 ივლისს და როგორ ჩაიწერა საუბრის ნაწილი.
"ეს კაცი არის კრიმინალი. ეს ამითაც დადასტურდა... მე როგორც ვიცი, მამამისი იყო კანონიერი ქურდი..." - თქვა მჟავანაძემ და ვიდეოს აუდიო ჩანაწერი დაურთო.
"მომისმინე შე *ლეო შენ. შენ მოგიტ*ნავ დედის ტრაკს..." - ეუბნება მჟავანაძეს ფიფია საუბრის დასაწყისში.
"ბაგაჟნიკით დამყავდა შე *ლეო შენა, შენისთანა *ლეები... დედა მოვუტ*ანი ყველას და შენც მოგიტყნავ დედის ტრაკს, შე *იდარასტო შენა, ჩმორო შენა... მე მარტო რო დავდიოდი ლიუბერეცკი იმაში... სასაფლაოზე... შენ სად იყავი მაშინ... შენ ხარ ბიჭო ჩმორიკი." - ემუქრება ჩანაწერში ფიფია მჟავანაძეს და მოსკოვში შეხვედრას სთხოვს.
"ჩუჩურაკი ბიჭი ხარ." - ეუბნება მჟავანაძე ფიფიას.
"მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს კაცი მართულია ვიღაცის მიერ. არ ვიცი ეს ჩვენი ხელისუფლებისგან არის, საქართველოს ხელისუფლებისგან თუ რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისგან არის მართული." - თქვა ვიდეოს შემდეგ ნაწილში მჟავანაძემ.
მჟავანაძემ ფიფიას გაუნათლებელი და სამარცხვინო უწოდა და გაიხსენა შემთხვევა, როცა მასთან ერთად ოკუპირებული დონეცკის მარიონეტ ლიდერ დენის პუშილინს შეხვდა.
'სამარცხვინო გაუნათლებელი ადამიანი. ერთხელ წავედით, დონბასში შევხვდით ერთად პუშილინს და პუშილინს ეუბნება, ისაო, რა ქვიაო, მეო გისურვებთ თქვენ სრულ დამოუკიდებლობასო, როცა დონბასი არის რუსეთის შემადგენლობაში. მე მეგონა დაგვხვრეტავდნენ ყველას და ცოცხალს არ გამოგვიშვებდნენ იქედან მაგ სიტყვების მერე." - თქვა მჟავანაძემ.
ქართველმა პუტინისტმა ასევე თქვა, რომ ფიფიას მუქარა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"მე არც მისი დაჭერა მინდა, სიმართლე გითხრათ, მაგრამ დანაშაულის ნიშნებს კი შეიცავს მისი ეს განცხადება, რომელიც თქვენ მოისმინეთ, იმიტომ რომ, კაცი იძახის, მეო ბაგაჟნიკში ვსვამდიო და სასაფლაოზე მიმყავდა ადამიანებიო. ეს არ არის ქილერობა? ეს არ არის მკვლელობა? მე არ ვიცი, ეს კაცი მკვლელობებშია გარეული თუ რაშია, კაცო." - თქვა მჟავანაძემ.
მჟავანაძის თქმით, ფიფია "რუსულ-ქართულ ურთიერთობებს" უნდა მოშორდეს. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა, ღირს თუ არა რუსეთში ცხოვრების გაგრძელება, "როცა ერთი კაცისთვის ვერ მიუხედიათ".
"სირცხვილია, იმ ხალხს მინდა ვუთხრა, ვისაც ამისი იმედი აქვს. ეს არის სამარცხვინო კაცი. უნდა მოშორდეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და საერთოდ ამ კაცით ვიღაცები უნდა დაინტერესდნენ კიდეც და მე იმ რუსეთში მოღვაწე უამრავ ადამიანს მინდა მივმართო: იცით რა არის? კაცი ჩამოვედი, ვიღაცას ჰგონია... წერენ იქ, კრემლში, ხელის გულზე დაჰყავთო და არც რაიმე მხარდაჭერა მიგრძვნია და არც რაიმე მხარდაჭერა მიგრძვნია და არც არაფერი და პირიქით, თავდასხმების ქვეშა ვარ და უკვე ვფიქრობ - ღირს ამ ქვეყანაში გაგრძელება ან სწავლის ან ცხოვრების, როცა ერთი კაცისთვის ვერ მიუხედიათ, გამოდის აგერ, მოკრიმინალო ტიპი." - თქვა ვიდეოში ქართველმა პუტინისტმა.
"ეს არის ნარცისი პიროვნება, მეგობრებო. არაფრის გამკეთებელი. ამას ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არაფერი გაუკეთებია, გარდა სალავიოვ ლაივში რამდენიმე გამოსვლისა და ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა ჩემი დამსახურებააო - მართლა მიწა რატომ არ იძვრის, რა. ფრენების და უვიზო მიმოსვლის აღდგენაში ყველამ წვლილი შევიტანეთ, ყველამ. მაგრამ ამაში ხელისუფლებას ნამდვილად ვერ დავუკარგავ, ეს იყო საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგი." - თქვა მჟავანაძემ.
"სამართლებრივ სახელმწიფოში, მისი პასუხისგების საკითხი დადგებოდა." - დაამატა პუტინისტმა.
მჟავანაძე იმუქრება, რომ თუ ფიფია მის შესახებ რაიმეს იტყვის, მისგან პასუხი გაეცემა.
"თუ კიდე მაგი რამეს იტყვის, პასუხი გაეცემა აუცილებლად ჩემგან. ეს არ არის ნინიას ბაღი და თავს არავის დავუხრი მე და არც არავის არ დავაჩაგვრინებ, სადაც არ უნდა ვიყო - რუსეთში ვიყო, სინგაპურში ვიყო, თუ ამერიკაში ვიყო - ვერავინ გადამაბიჯებს მე." - იმუქრება მჟავანაძე.
მჟავანაძემ ასევე თქვა, რომ ფიფიას ჩამოეშალა საკუთარი პრორუსული პარტია, მოუწია ტელევიზიის დახურვა და მხარდამჭერთა ხელმოწერების საჯაროდ გავრცელება ვერ შეძლო. მისივე თქმით, პუტინისტი ბიზნესმენი მშიშარაა და საქართველოში დიდი ხნით ჩასვლას და საჯაროდ გამოჩენას ვერ ბედავს.
"სირცხვილია, ზოგიერთი დეპუტატი მაგასთან რომ პოზირებს. საქართველოში ნულოვანი ავტორიტეტი აქვს. კაცს პარტიაზე აქვს პრეტენზია და ერთი კვირა არ ყოფილა საქართველოში, რომ გადააბა ერთად, იმიტომ რომ მშიშარა და ლაჩარია, ეშინია, კვერცხი არ მოხვდეს თავში. რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ლაპარაკობს, რომ არაფერი დიდი არ არის რუსოფობია - "ნა ბიტავოი უროვენ" (მინიმალურ დონეზე) - თუ ბიტავოი უროვენზეა რუსოფობია, ჩადი ერთი და გაიარ-გამოიარე რუსთაველზე, როგორ გაგილამაზებენ მაგ თვალებს, დაინახავ ერთი, როგორ ბიტავოი უროვენზეა. ჩადი ერთი, გაიარე რუსთაველზე აბა, ოღონდ დაცვის გარეშე." - თქვა მჟავანაძემ.
აქამდე, 25 ივლისს Соловьёв LIVE-ის ეთერში, პროპაგანდისტ აბას ჯუმასთან საუბარში მამუკა ფიფიამ თქვა, რომ გასულ დღეებში მას თავს ესხმოდნენ არამხოლოდ "ლიბერალები საქართველოდან" და უკრაინაში მებრძოლი ქართველები, არამედ საქართველოს პრორუსული ფლანგის ნაწილი.
"ჩემზე წარმოუდგენელი თავდასხმებია. პირადად ჩემზე. როგორ წარიმართა კოორდინაცია: ესენი არიან ლიბერალები საქართველოდან; მებრძოლები უკრაინიდან - ეს არის ქართული ლეგიონი - წერენ ვიდეოებს მუქარით, ვიდეოებს გინებით, წერენ მუქარებს ამ ვიდეორგოლებში. ეს ყველაფერი ერთად მოქმედებს, ეს არიან ქართველი ლიბერალები. არის ე.წ. "პრორუსული ფლანგი" - რომელშიც ვითომ პრორუსები არიან. ესენიც ორგანიზებული არიან, რამდენიმე ადამიანი. ამ სამ დღეში ორგანიზებულად მესხმიან თავს. რა თქმა უნდა, აქ ამ ყველაფერს თვალს ადევნებენ." - თქვა ფიფიამ.
ფიფიას მტკიცებით, მას "ფსიქოლოგიურ ტერორში" ამყოფებენ. მან აღნიშნა, რომ მიმართავს რუსეთის გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერალურის უსაფრთხოების სამსახურსა და საგამოძიებო კომიტეტს, შეისწავლონ რა ხდება მის წინააღმდეგ. 27 ივლისის გავრცელებულ ვიდეოში მჟავანაძემ ფიფიას ჩივილთან დაკავშირებით დასცინა და მისი ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ 27 ივლისის ვიდეოში მჟავანაძე ამბობდა, რომ ფიფიამ საკუთარ თავზე მიიღო კრიტიკა, რომელიც წინა დღეებში, 25 ივლისს, გაავრცელა. ჩანაწერი ძირითადად ეხებოდა კრიტიკას, რომ პრორუსულ ფლანგზე გარკვეული ადამიანები ზოგიერთ პუტინისტს არ ეხმარებიან. მჟავანაძე ასევე აკრიტიკებდა იმ ქართველ პრორუსებს, რომლებმაც გულბაათ რცხილაძის დაკავება არ გააკრიტიკეს და საჯაროდ არ დაგმეს. 25 ივლისის ჩანაწერში მჟავანაძე თითქმის სიტყვა-სიტყვით, თუმცა კონკრეტული სახელის დასახელების გარეშე, იმეორებდა კრიტიკას, რომელმაც 27 ივლისის ვიდეოში უკვე მამუკა ფიფიას წინააღმდეგ ღიად გაიჟღერა.
"მე ვერ გავაგებინე ზოგიერთებს, არამარტო საქართველოში, აქაც, რუსეთში, რომ იმისათვის, რომ რუსოფობია დასრულდეს, იმისათვის, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები წინ წავიდეს... ეს მარტო ჩემთვის კი არ არის დახმარება - მე კი ნუ დამეხმარებით - მე აქ ყველასთვის ვიბრძვი. მე აქ ყოველთვის ვლაპარაკობ ვალერი კვარაცხელიაზე, ყოველთვის ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ფლანგზე არიან, იგივე გულბაათ რცხილაძეს ხო ყოველთვის ვახსენებ. საერთოდ ბევრი ადამიანი, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე - ზოგიერთს ვერ დავასახელებ, იმიტომ, რომ აღმოჩნდნენ გამყიდველები, მოღალატეები და ეს გულბაათ რცხილაძის საქმემაც დაამტკიცა. კაცი დაჭერილია და კაციშვილი - ერთი ორი რაღაცას წამოიკნავლებს - ერთი ვერ შეიკრიბა ხალხი, რომ რაღაც განცხადება გაეკეთებინათ - ვინმე გიკრძალავთ რომ სადმე შეიკრიბოთ და განცხადება გააკეთოთ, რომ ჩვენ ვგმობთ აი ამას, რაც მოხდა?
ეს ყველაფერი იცით რა არის? ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფლანგზეა, იგივე ბატონი მამუკა კარტოზია, იგივე უამრავი ექსპერტი, უამრავი ადამიანი, რომელიც შეგვიძლია ამ ფლანგზე მოვიაზროთ, არის დიდი და სოლიდური მხარდაჭერის ღირსი, რადგან სხვანაირად საქმეს ვერ გააკეთებ... აი ამ იმეებს მინდა მივმართო რა... ტრიპაჩებისა და იმეების წარმომადგენლები რო არის რა... ოსტაპ ბენდერებს... რუსეთში მოღვაწე ქართველ ოსტაპ ბენდერებს: თქვე დალოცვილებო, რაღაცა რამე რომ გაფაფხურდება, ვიღაცა პროსტიტუტკა რომ გამოჩნდება და იმას რომ მოეფინებით და გაეფინებით, ორი კაპიკი ამ ხალხს დაეხმარეთ. მაგრამ ეს ხალხი ეხმარებიან მხოლოდ თავიანთ ტაშის მკვრელებს.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე დღეს არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნარცისიზმით არის შეპყრობილი: "მე, მე, მე, მე" და ამ დროს არაფერი გაუკეთებია. ალბათ გახსოვთ, საქართველოში შეიქმნა პარტია, რაღაც რუსულ-ქართული ურთიერთობების - აღარ არსებობს. შეიქმნა ტელევიზია - აღარ არსებობს. ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს - ჩაფლავდა ის ხელმოწერები...
კაცი, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ყველაფრის ჩაფლავება შეუძლია - პარტიის, ტელევიზიის, ადამიანების ერთმანეთზე გადაკიდების, ღვარძლის, ბოღმის, ერთმანეთზე მიქსევის, რაღაც ოცლარიანი პუტანკების - შეიძლება ასეთი ადამიანებით იყოს ქართული პოლიტიკა?
გამოჩნდება ვიღაცა არჩევნებზე - არ მინდა გვარ-სახელების დასახელება, ვიღაც რომ არ გამომრჩეს. იმიტომ არ ვასახელებ გვარს და სახელს, რომ ერთი გასროლით ხშირად ათ კურდღელს ვკლავ. იმიტომ რომ კურდღლებით არის სავსე ეს ყველაფერი. საქართველოში ვერ აკეთებენ პოლიტიკას და აქიდან, რუსეთიდან იჭიმებიან. დღეს, ვისაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, პოლიტიკაში მოსვლა უნდა და საქართველოში არ აკეთებს პოლიტიკას, ყველა არის ნაძირალა, ყველა არის კურდღელი და ყველა არის მოღალატე... როცა იცი რომ ასეთი მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, ასეთი რუსოფობიაა და შენ იქ არ ჩადიხარ, შენ ხარ კურდღელი." - ამბობდა 25 ივლისის ჩანაწერში მჟავანაძე.
მას შემდეგ, რაც მჟავანაძემ და ფიფიამ ერთმანეთი სახელების დასახელების გარეშე გააკრიტიკეს, მომხდარს მალევე, 26 ივლისს, გამოეხმაურა რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტი, ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე. ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ხანებში იმ პირებს შორის, "რომლებიც დაინტერესებული არიან რუსეთისა და საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხებით", "ძალიან გახშირდა დაპირისპირება". მან მხარეებს მოუწოდა, რომ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება შეეჩერებინათ.
"მსგავსი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატი და მიდგომები საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ აქ, რუსეთში, იმ ადამიანების ლანძღვა და შეურაცხყოფა, რომლებიც ერთსა და იმავე სივრცეში საქმიანობენ, და სხვა მსგავსი მეთოდები არ დამკვიდრებულა. რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცე საქმეებით ფასდება და არა ურთიერთშეურაცხყოფით. დამიჯერეთ, ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩრდილს აყენებს იმ შრომასა და შედეგებს, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და რომელთაც მომავალშიც ღირსეული და პატიოსანი შრომა სჭირდება." - წერდა ცეცხლაძე.
ცეცხლაძემ დაამატა, რომ თუ ვინმე თაღლითობს, ან "ბოროტატ სარგებლობს რუსულ-ქართული სივრცით", ყურადღებას მიაქცევს ის, ვისაც ეს ევალება.
"იმედი მაქვს, სწორად გამიგეთ. პირადად ჩემთვის ამ სივრცეში თითოეული ადამიანის საქმიანობა მნიშვნელოვანია, მიუხედავად პირადი სიმპათიებისა თუ ანტიპათიებისა. ჩემს მიმართ მიმართულ პირად თავდასხმებს - იქნება ისინი შეკვეთილი თუ არა, საჯარო თუ ზურგს უკან - არასდროს ვპასუხობდი, სწორედ ზემოთ აღნიშნული პრინციპებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ამ სივრცეში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი უპირატესობა მაქვს. პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. დანარჩენი კი ყველამ თავად გადაწყვიტოს." - წერდა ცეცხლაძე.
27 ივლისის ვიდეოში მჟავანაძე ირწმუნებოდა, რომ დავით ცეცხლაძის პოზიციას იზიარებდა.
30 მაისს "უცხო ქვეყნის სასარგებლოდ" ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პრორუსი გულბაათ რცხილაძე. რცხილაძეს ბრალი 31 მაისს წარუდგინეს, რის შემდეგაც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ "სავარაუდოა, რუსეთის ჯაშუშობას ედავებოდნენ", თუმცა, ამ ეტაპზე "დადასტურება არ შეუძლია".
ნიკოლოზ მჟავანაძემ 25 ივლისის ჩანაწერში საქართველოს პრორუსული ფლანგი ამ ამბავთან დაკავშირებით სიჩუმის გამო გააკრიტიკა. 27 ივლისის ვიდეოში კი უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მამუკა ფიფიამ ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მხოლოდ "გამჭვირვალობა" მოითხოვა.
ამას გარდა, 4 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას, პრესკონფერენციაზე მჟავანაძემ რცხილაძის დაკავებასთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა. ზახაროვამ თქვა, რომ რცხილაძემ "მართლაც ბევრი გააკეთა" რუსი და ქართველი "ხალხების დაახლოებისთვის".
"მურს აღვნიშნო, რომ ის დააკავეს ფაქტობრივად რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოში საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტის დაწყება დააანონსა. როგორც ჩანს, გარკვეული ძალები ქსენოფობიის გამოვლინებების შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო საზოგადოებისთვის დამალვით არიან დაინტერესებულნი. რა თქმა უნდა, მისი ბედი არ შეიძლება არ გვაღელვებდეს. ასევე დავაზუსტებ, რომ მისი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება მძიმედ ავადმყოფი ხანდაზმული მამა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ამ საკითხში გარკვევას. უდავოდ, პატივს ვცემთ ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და კანონმდებლობას, თუმცა, თქვენი კითხვის საპასუხოდ, ჩვენი შეფასებებიც გაგიზიარეთ." - თქვა ზახაროვამ.
წარსულში მამუკა ფიფია და ნიკოლოზ მჟავანაძე ერთად რამდენჯერმე გამოჩენილან, მაგალითისთვის, 2025 წლის სექტემბერში ისინი ოკუპირებულ დონეცკში ჩავიდნენ და მარიონეტ ლიდერს, დენის პუშილინს შეხვდნენ. მათ თან ახლდათ კიდევ ერთი პუტინისტი - კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარი, პაატა აბულაძე. ამავე წლის დეკემბერში მჟავანაძემ ინტერვიუ ჩამოართვა რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის მეთაურსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილეს, აპტი ალაუდინოვს. როდესაც ინტერვიუ მიმდინარეობდა კადრში გამოჩნდა მამუკა ფიფიაც.



