ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა.
"ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გაგა კირკიტაძე 2025 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას.
2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს, ხოლო 2020-2021 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
სხვადასხვა პერიოდში მას ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც ფინანსთა, ისე თავდაცვის სამინისტროებში". - ნათქვამია განცხადებაში.
საკადრო ცვლილებები ძალოვან სტრუქტურებში ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 21 აპრილს ბრიფინგზე გამოაცხადა. ცვლილებებით, მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს. სუს-ის უფროსად გეკა გელაძეს წარადგინეს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი იქნება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული.





