ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს და დაეკისრება ვიცეპრემიერის მოვალეობას.
სუს-ის უფროსად გეკა გელაძეს წარადგენენ, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული.
ასევე, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება ვიცეპრემიერის მოვალეობა.
კობახიძემ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა მდინარაძეს სუს-ის უფროსის პოზიციაზე "წარმატებული საქმიანობისთვის" და თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებით, მთავრობა კანონპროექტს პარლამენტს ხვალამდე წარუდგენს, ასევე ითხოვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი მომავალ სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღონ.
"სახელმწიფო უსაფრთხოებით მინისტრად დანიშვნის შემდეგ ბატონ მამუკა მდინარაძეს მოუწია ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, ახალი პოზიციიდან ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს." - განაცხადა კობახიძემ.
ივანიშვილის პრემიერმა ასევე სთხოვა პარლამენტს, მომდევნო სასესიო კვირაში აირჩიონ გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე.
"ხაზი მინდა გავუსვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში, ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას და აქაც ხაზი მინდა გავუსვა, იმ სისტემურ რეფორმებს და ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა შსს-ში, ამისათვის მინდა ბატონ გეკა გელაძეს გადავუხადო მადლობა და მას ვუსურვო წარმატებები ახალ პოზიციაზე." - თქვა კობახიძემ.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა სულხან თამაზაშვილსაც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარის პოზიციაზე "წარმატებული საქმიანობისთვის" და წარმატება უსურვა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე.
ასევე დასძინა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარის კანდიდატურა უახლოეს დღეებში დასახელდება.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა.
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი 2025 წლის 28 მარტს დაიკავა.
ხოლო, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ გასული წლის 7 აპრილს აირჩიეს.





