გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესს მიესალმება და ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად იმუშავებს, რათა "გრძელვადიან დიპლომატიურ შეთანხმებას მიაღწიონ".
სტარმერმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ფარგლებში კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა უნდა გაიხსნას.
ამის შესახებ სტარმერი X-ზე წერს.
"აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესს მივესალმები.
უნდა ვიხილოთ შეთანხმება, რომელიც კონფლიქტს დაასრულებს და ჰორმუზის სრუტეს ხელახლა გახსნის ნავიგაციის უპირობო და შეუზღუდავი თავისუფლებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ირანს ბირთვული იარაღის დამზადების საშუალება არასდროს მიეცეს.
ჩემი მთავრობა გააგრძელებს ყველაფრის კეთებას, რაც შეგვიძლია, რათა ამ კონფლიქტის შედეგებისგან ბრიტანელი ხალხი დავიცვათ.
ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ, რათა ეს მომენტი მოვიხელთოთ და გრძელვადიან დიპლომატიურ შეთანხმებას მივაღწიოთ". - წერს სტარმერი.
ცოტა ხნით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ აშშ-ს ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის მხრივ "მნიშვნელოვანი პროგრესი" აქვს. თუმცა, მისივე თქმით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
რუბიომ დაამატა, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ს პარტნიორებთან ერთად პროგრესს მიაღწიეს შეთანხმების მონახაზზე მუშაობაში, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას მოიცავს.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერდა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება "მეტწილად მიღწეულია" და საბოლოო დეტალების განხილვა ახლაც მიმდინარეობს, რის შემდეგაც შეთანხმების გამოცხადება "მალე მოხდება".




