ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. ფიშერი პაპუაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
"ამ ადამიანის მტრულ თავდასხმებზე რაიმე კომენტარის გაკეთების არანაირი ხალისი არ მაქვს. თუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია, დაიბაროს და მასთან შესაბამისი გასაუბრება ჰქონდეს [...] იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო რეაგირება ექნება, როცა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი მტრული თავდასხმებით გამოირჩევა სახელმწიფოსა და მისი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.
ბატონ პეტერ ფიშერს რაც შეეხება, ის რამდენიმე კვირაში საქართველოს დატოვებს. ჩვენ ვიცით, რომ ის აქედან პირდაპირ პენსიაში გადის, რაც კარგია, იმ მხრივ, რომ ის ვერცერთ სხვა ერს ვეღარ დააზიანებს, როგორც ეს, სამწუხაროდ, ქართული-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში შეძლო". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
პეტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ის ცილისწამებაში დაადანაშაულა.
"როგორ არ უნდა მოხვდე ევროკავშირში: წადი ევროკავშირის ერთ წევრ სახელმწიფოში და მეორე წევრი სახელმწიფოს ელჩს ცილი დასწამე. ევროკავშირი თანამშრომლობა და სოლიდარობაა. მაგალითად, გერმანია სლოვაკეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინვესტიციებსა და ინდუსტრიაში. ეს არის ღრმა ურთიერთდამოკიდებულება, რაც სლოვაკეთის ეკონომიკისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა." - წერდა პეტერ ფიშერი.
ცნობისთვის, 10 მაისს, პაპუაშვილმა სლოვაკეთში ვიზიტისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პეტერ ფიშერს "ზრდილობასთანაც აქვს პრობლემება"
"ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან პრობლემა, როგორც ჩანს მას ზრდილობასთანაც აქვს პრობლემა. და ძალიან სამწუხაროა რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც გაუკეთა ამ ადამიანმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას.
ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ის საქართველოს. დარჩა სულ რამდენიმე კვირა. ასე რომ, ველით, რომ დატოვებს საქართველოს და ეს მომენტი ქართულ-გერმანული ურთიერთობებისა დაგვავიწყდება." - თქვა პაპუაშვილმა.





