ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

პუტინმა დუმას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების რატიფიცირების პროექტი წარუდგინა

ვლადიმირ პუტინი ჟურნალისტებთან, ღონისძიებაზე "რუსეთი გვიხმობს", 2025 წლის 2 დეკემბერი.
РИА Новости / Евгений Биятов  

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე კანონპროექტი შეიტანა. დოკუმენტი პარლამენტის ქვედა პალატის ელექტრონულ ბაზაშია გამოქვეყნებული.

"რატიფიცირდეს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება, რომელიც ქალაქ მოსკოვში 2026 წლის 9 მაისს გაფორმდა" - ნათქვამია პროექტის ტექსტში.

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს, ასევე პირობების შექმნას კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, "მხარეები", სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმდნენ ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოებაზე, ასევე განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე.

პუტინის თქმით, დოკუმენტი აუმჯობესებს ხელშეკრულებით-სამართლებრივ ბაზას და მიზნად ისახავს როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სოციალური საკითხების გადაწყვეტას, ისე მხარეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ალან გაგლოევმა კი განაცხადა, რომ "შეთანხმება ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობრივ ურთიერთობებს განვითარების ახალ დონეზე აჰყავს".

გაგლოევი სხვა უცხოელ ლიდერებთან ერთად მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ჩავიდა. 9 მაისის ღონისძიებების შემდეგ მან და პუტინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

კომენტარები