ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ის მაცხოვრებლები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, მართვის მოწმობას გამარტივებული წესით აიღებენ. შესაბამის ბრძანებას ხელი ვლადიმირ პუტინმა მოაწერა.
"სამხრეთ ოსეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ან რუსეთში ბინადრობის ნებართვა აქვთ, რუსულ მართვის მოწმობას შესაბამისი განცხადების დაწერის და სამხრეთ ოსეთის შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის წარდგენის საფუძველზე გამარტივებული წესით (გამოცდის ჩაბარებისა და სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გარეშე) აიღებენ". - წერია განკარგულებაში.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ რუსული მართვის მოწმობის აღება შესაძლებელი იქნება, მათ შორის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები გათავისუფლდებიან რუსული მართვის მოწმობის სახელმწიფო საფასურის გადასახადისგან.
პუტინის განკარგულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევა და 2026 წლის 1 აპრილამდე იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, პუტინმა მსგავსი განკარგულება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთათვისაც გამოსცა.