ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

პრეზიდენტი: ერედვში საოკუპაციო ძალა მორიგ ვანდალურ ქმედებებს ახორციელებს

ГТРК Ир

გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებულ სოფელ ერედვში მიმდინარე სამუშაოებს ეხმაურება, რომლის მიზანიც სოფლის "სამშენებლო ნაგვისგან გაწმენდაა". პრეზიდენტი აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალა მორიგ ვანდალურ ქმედებებს ახორციელებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ არის მიმართული. 

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, საოკუპაციო ძალა ახორციელებს მორიგ ვანდალურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიიდან. ეს არის 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება და ქმედება მიმართული ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ. ეს არის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი შეფასება უნდა მისცეს", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი. 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ე.წ რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში (инвестиционная программа социально- экономического развития Южной Осетии) 2017 წელს ოკუპირებულ სოფელ ერედვს ნანგრევებისგან გაწმენდენ. ოკუპირებული რეგიონის ე.წ სამთავრობო ტელევიზიის ცნობით, 268 სახლიდან 163 უკვე "მოსწორებულია".

ერედვი გორის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც, ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. ის 2008 წელს, რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის დროს რუსული ბომბდამშენებით მიერ რამდენჯერმე დაიბომბა. ოკუპანტებმა გადაწვეს სახლებიც. ე.წ სამხრეთ ოსეთის "რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის" ფარგლებში სოფელ ერედვს რუსული დაფინანსებით, სწორედ ამ ნანგრევებისგან წმენდენ. 

კომენტარები