ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ფორმულასთან წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მეუფე ისაიას არაფერი უშლიდა ხელს, ფორმალური დიპლომი ჰქონოდა, გარდა იმისა, რომ აღნიშნული დიპლომის მიღების ნაცვლად, ის ომში სამშობლოს და ეკლესიას ორჯერ იცავდა.
"მეუფე ისაიამ ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავის მიმართვაში სინოდის მიმართ, რომ მას არაფერი არ უშლიდა, რომ ეს ფორმალური დიპლომი ჰქონოდა, გარდა იმისა, რომ ამ ფორმალური დიპლომის მიღების ნაცვლად, ის ომში იყო და სამშობლოს და ეკლესიას იცავდა, ორჯერ. ორ სხვადასხვა ომში იღებდა მონაწილეობას. მეუფე ისაია არის ჩვენი დროის გმირი და ამ გმირობისთვის მას პატრიარქმა განსაკუთრებული ჯილდო, სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. თვითონ წაიკითხა ეს წერილი. შემდეგ მღვდელმთავრებმა გამოთქვეს აზრი, ყველამ, ზოგმა ისეთი, ზოგმა ასეთი. ამის შემდეგ, დადგა კენჭისყრაზე ის, რომ საერთოდ შეჩერებულიყო ეს კამათი და უმრავლესობამ ამას მისცა ხმა. კენჭისყრა იყო იმაზე, უნდა შეწყდეს თუ არა ეს ამათი. კამათის შეწყვეტა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ გააჩნია როგორ შეწყდება ეს კამათი, ხომ?
საგანგებოდ მივედი მეუფე ანდრასთან და ვთხოვე, რომ აუცილებლად დაეფიქსირებინა ის, რომ მე მაქვს განსხვავებული აზრი, რადგან მე ვაპირებდი და უკვე გავაკეთე ეს, რომ გავაგზავნე სინოდში წერილი. მეუფე ისაიამ არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბა ეს აზრი, რომ ეკლესიისთვის ფორმალობა არასდროს ყოფილა გადამწყვეტი. ბევრი არის ასეთი, ვინც ამ ფორმალური დიპლომის ნაცვლად, სისხლს და ოფლს ღვრიდა. მე ვფიქრობ, რომ არ იყო ეს გადაწყვეტილება მართებული, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ სინოდის გადაწყვეტილებას ვემორჩილები". - უთხრა მეუფე ნიკოლოზმა ფორმულას.
მეუფე ნიკოლოზის მიერ სინოდისთვის გაგზავნილი წერილი TV პირველმა გამოაქვეყნა. წერილს უცვლელი სახით გთავაზობთ:
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, წმ. სინოდის სხდომის მდივანს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ანდრიას, გორისა და ატენის მიტროპოლიტს, წმ.
სინოდის წევრებს 2026 წლის 28 აპრილის წმ. სინოდის სხდომაზე განიხილებოდა საპატრიარქო კანდიდატების საკითხი.
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულების IV თავის $2-ში აღწერილია მოთხოვნები, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. აქ ნათქვამია, რომ კანდიდატს უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და იგი ასაკით უნდა იყოს არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, მაგრამ არაფერია ნათქვამი საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და ასაკის ზუსტ განსაზღვრებაზე - ნიშნავს თუ არა არაუმეტეს 70 წლისა 71 წლის ასაკის შესრულებას, რაც ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს. ამიტომ, ჩემი და სინოდის ზოგიერთი სხვა.
წევრების აზრით, ეს საკითხი კენჭისყრით უნდა გადაწყვეტილიყო, რაც არ მოხდა. წმ. სინოდმა ხმათა უმრავლესობით კენჭისყრით გადაწყვიტა ამ საკითხებზე კამათის შეწყვეტა. ამ გადაწყვეტილებას ვემორჩილები, მაგრამ არ ვეთანხმები შემდეგი მიზეზების გამო:
1. ჩემი აზრით, ფორმულირება არაუმეტეს 70 წლისა გულისხმობს 71 წლის ასაკს, ამ მოსაზრებას იზიარებდა წმ. სინოდის რამდენიმე წევრი, რის გამოც ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კენჭისყრით, რაც არ მოხდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პატრიარქობის კანდიდატის ასაკის ზედა ზღვრის შეზღუდვა უცხოა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსისა და თვით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარსულისათვის;
2. ჩემი აზრით, სრულიად გაუმართლებელია საპატრიარქო კანდიდატის საღვთისმეტყველო განათლების ეჭვქვეშ დაყენება დიპლომის უქონლობის გამო, როდესაც კანდიდატს გააჩნია მრავალწლიანი პედაგოგიკური გამოცდილება და არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო- კვლევით მუშაობას, რაც საქართველოს კანონმდებლობით საერო სასწავლებელისათვის განისაზღვრება, როგორც სრული პროფესორი; ამასთან, როდესაც დიპლომის ფორმალური უქონლობა კანდიდატისათვის დაკავშირებულია იმ ომებში და ეკლესიის აღმშენებლობის პროცესში უშუალო აქტიურ მონაწილეობასთან, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ეკლესიამ უახლესი წარსული 35 წლის განმავლობაში გადაიტანა.
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ მღვდელმთავარი არ ეთანხმება მიღებულ დადგენილებას, მან ეს იმავე სხდომაზე უნდა განაცხადოს, ხოლო სხდომიდან სამი დღის განმავლობაში წერილობით უნდა წარადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც დაერთვება საეკლესიო კრების ოქმებს. ვიყენებ რა ამ უფლებას, მოგმართავთ თხოვნით რომ ჩემი მოსაზრება დაერთოს წმინდა სინოდის 2026 წლის 28 აპრილის სხდომის ოქმს.
ქრისტესმიერი სიყვარულით, ნიკოლოზი, მიტროპოლიტი ახალქალაქისა და კუმურდოსი და კარის
29 აპრილი, 2026 წელი.
28 აპრილის სხდომაზე მიტროპოლიტმა ისაიამ პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა. მას სინოდმა მხარი არ დაუჭირა და საპატრიარქო კანდიდატებად მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი გამოარჩია.





