პატრიარქის არჩევნები

ლევან სუთიძე: რა მოხდა წმიდა სინოდზე და რა გველის წინ?

პატრიარქის არჩევნები

ლევან სუთიძე: რა მოხდა წმიდა სინოდზე და რა გველის წინ?

ფაქტები:

ფარული კენჭისყრით გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელსაც სინოდის 39 წევრიდან 38 ესწრებოდა. სხდომაზე არ გამოცხადდა წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე.

29 აპრილის სინოდის სხდომაზე არ ირჩევდნენ კათოლიკოს-პატრიარქს, მხოლოდ 3 საპატრიარქო კანდიდატს, რომელიც წარედგინება გაფართოებულ კრებას.

გაფართოებულ კრებაზე კვლავ 39 ამომრჩეველია, დანარჩენს მხოლოდ აზრის გამოთქმა შეუძლიათ.

იმისთვის, რომ სამი კანდიდატიდან რომელიმემ გაიმარჯვოს, საჭიროა, მან ხმათა ნახევარზე მეტი მოაგროვოს, მარტივი უმრავლესობა - რაც არის 20 ხმა.

მიტროპოლიტმა შიომ სინოდზე მიიღო 20 ხმა, მიტროპოლიტმა იობმა 7, მიტროპოლიტმა გრიგოლმაც 7. დარჩენილი 4 ხმა გადანაწილდა მეუფე მელქისედეკზე, გრიგოლ კაციასა და დოსითეოზზე, ერთი ფურცელი კი ცარიელი ამოვიდა.

ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა მოსაყდრისთვის, რადგან აჩვენებს, რომ თუ ის იგივე შედეგს გაფართოებულ კრებაზე გაიმეორებს, პატრიარქი პირველივე ტურში გახდება - სწორედ ამიტომ თქვა სხდომიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შესაძლოა, მომავალში მეტი ხმაც მიიღოსო.

20 ხმის მოგროვებას დღევანდელ სინოდზე პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოსაყდრე შეძლებდა მისი მეშვეობით ძალის გამოსხივებას, ვერმოგროვება კი სისუსტეს აჩვენებდა, რაც მერყევი ეპისკოპოსებისთვის, შესაძლოა, მოსაყდრისთვის არასასურველი სიგნალი აღმოჩენილიყო.

ამასთან, კენჭისყრისთვის დაუშვებლად ცნეს მეუფე დანიელი - ასაკის გამო და მეუფე ისაია - ფორმალური განათლების არქონის გამო, რამაც, ზოგიერთი მოსაზრებით გადაწყვიტა კიდეც არჩევნების ბედი.

რას გვაჩვენებს რიცხვები?

მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტი შიოსთვის 20 ხმის მოპოვება წარმატებაა, მას აქვს მოგებისთვის საჭირო ხმების მხოლოდ მინიმუმი. ანუ, ზუსტად 50%-ს +1 ხმა და არა, ვთქვათ +2 ან +3. ანუ, მისი მეუფება იგებს 1 ხმით.

ეს მყიფე უმრავლესობაა და აჩვენებს, რომ სინოდის თითქმის ნახევარი მოსაყდრეს მხარს არ უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ მას მიეწერებოდა კათოლიკოს-პატრიარქ ილიას მხარდაჭერა, ცხრაწლიანი გამოცდილება და საერო მხარდაჭერა. ამ პირობებში მისკენ არის სინოდის 20 ხმა, ხოლო მინიმუმ 18 არა.

ეს ასევე ნიშნავს, რომ მოსაყდრემ არცერთი ხმა არ უნდა დაკარგოს გაფართოებული კრებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უმრავლესობა ჩამოეშლება.

რამხელაა ამის ალბათობა? დაბალი.

რა მოხდა და როგორ მოხდა?

აშკარაა, რომ მიტროპოლიტ შიოს კამპანიის დასაწყისში 20 ხმა არ ჰქონია, მან შედეგი გზაში გააუმჯობესა. ამას საჯაროდ ამბობდა არაერთი ეპისკოპოსი და ასე კალკულირებდნენ მის მხარდაჭერას ოპონენტი მღვდელმთავრებიც.

მიტროპოლიტი შიოს მოგებას ასევე დაეხმარა პერცეფცია, რომ ის იგებდა.

ეს პერცეფცია შექმნეს მათაც, ვისაც მიტროპოლიტი შიო არ უყვარდათ.

როგორც ტაბულას ორი დღის წინ, 26 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში ვწერდი, ჩვენი წყაროები, რომლებიც მიტროპოლიტ შიოს მეტოქეებს წარმოადგენდნენ, მის სასარგებლოდ კამპანიის ბოლოსკენ ითვლიდნენ მყარ 16 ხმას. თუ ეს მართალია, მიტროპოლიტმა შიომ მოახერხა 4 ხმის მოზიდვა.

წყაროთა ამ ნაწილის დახმარებით ჩვენ ზუსტად გამოვთვალეთ 3 საპატრიარქო კანდიდატი, მაგრამ, როგორც სჩანს, მათ საკუთარი ძალები ამ ეტაპზე, გაზვიადებულად წარმოიდგინეს.

ამასთან, იმავე სტატიაში ტაბულას სხვა, მოსაყდრის მხარდამჭერი წყაროები ეუბნებოდნენ, რომ გამარჯვება დადგებოდა პირველივე ტურში.

ამ ეტაპზე სწორედ ეს უმცირესობა აღმოჩნდა მართალი.

მიტროპოლიტი შიოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ასევე აღმოჩნდა დეზორგანიზებული, ზედმეტად თავდაჯერებული კამპანია მისი მოწინააღმდეგე კოალიციის მხრიდან, რომელმაც ბოლო მომენტში კამპანიაში შემოიყვანა სრულიად ახალი ფიგურა და მოსაყდრის მხარდამჭერებს დაეხმარა სცენიდან გაეყვანათ მიტროპოლიტი დანიელი და ისაია.

მიტროპოლიტ დანიელსა და ისაიას, ბუნებრივია, ეს არ მოეწონათ.

შიო III

თუ გაფართოებული კრების პირველივე ტურში, საქართველოს ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობლად შიო III იქცევა, მას მოუწევს მართოს სინოდი მეტად მერყევი უმრავლესობით, რაც ნებისმიერი საპატრიარქო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ასეთი იქნება. ეს ნიშნავს ახალ რეალობას მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ ეს ისედაც გახლდათ ცნობილი (ცნობისთვის, ახალი ეპისკოპოსების გამორჩევას ასევე სჭირდება სინოდის თანხმობა).

მიტროპოლიტი შიო 57 წლისაა, მისი ასაკით ეკლესიის მართვა შესაძლებელია კიდევ 30-40 წლით.

რაც გრძელ, ძალიან გრძელ პატრიარქატს ნიშნავს.

თუ აირჩიეს, შიო III-ს ასევე მოუწევს იყოს მათი პატრიარქი, ვისაც მისი პატრიარქობა ძალიან, ძალიან აშინებს.

პრინციპში, ტახტზე ასვლის შემთხვევაში, მას ამისთვის ბევრი, ძალიან ბევრი დრო ექნება.

კომენტარები