ლონდონში დაფუძნებული ოპოზიციური ირანული მედია, Iran International თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ 8 აპრილის საღამოს საათებში თეირანში აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმები ისმოდა.
თვითმხილველების თქმით, დრონის ხმა თეირანის დასავლეთ ნაწილში ადგილობრივი დროით 19:30 საათზე გაიგეს, რასაც თან ახლდა დაახლოებით 15 მცირე ზომის აფეთქებაც.
ამასთან, გამოცემას თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:45 საათზე აფეთქების ხმა გაიგეს დასავლეთ თეირანის მარზდარანის რაიონშიც.
მათივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმები ცენტრალური თეირანის მასშტაბით ისმოდა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანისთვის მიცემული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს ორი კვირით აჩერებდა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, თეირანი "ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას" დათანხმდა.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი ირანის "მთელი ცივილიზაციის განადგურებით" დაიმუქრა, რასაც წინ უძღოდა ტრამპის განცხადება, რომ ვადის გასვლამდე შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებზე მასშტაბურ თავდასხმით კამპანიას წამოიწყებდა.
ამის მიუხედავად, ირანის სამთავრობო მედიის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია, რის საბაბადაც ირანი ლიბანზე ისრაელის იერიშებს ასახელებს. თავის მხრივ, ტრამპი უარყოფს, რომ ირანთან დადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის საკითხიც იყო გათვალისწინებული.
ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ როგორც ტრამპმა, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ახსენა ირანის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა "მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგი საფუძველი" უწოდა. თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ მედიაში გავრცელებული ირანის 10-პუნქტიანი პირობების სია განსხვავდება იმ 10-პუნქტიანი წინადადებისგან, რომელიც აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის გამოსადეგ საყრდენად ჩათვალა.
ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ირანმა იერიში მიიტანა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობის მილსადენზე, რომელიც სამეფოს ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. საუდის არაბეთის ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ცხრა დრონი უვნებელყვეს, ხოლო ქუვეითმა განაცხადა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ირანული დრონებით თავდასხმას "მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი" მოჰყვა.





