ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში შეზღუდულ სახმელეთო ოპერაციებს იწყებს, რომლის სამიზნეც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის პოზიციებია, რათა ისრაელის ჩრდილოეთის საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზი გაძლიერდეს და გაფართოვდეს ბუფერული ზონა.
ისრაელის გადაწყვეტილებას მარტის დასაწყისში ჰეზბოლას მხრიდან ისრაელზე თავდასხმა უძღოდა წინ. მანამდე აშშ-მ და ისრაელმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები წამოიწყეს, რის შედეგადაც 28 თებერვალს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.
ისრაელის არმიის მიხედვით, 91-ე რეგიონულმა დივიზიამ სამხრეთ ლიბანის აღმოსავლეთ სექტორში რეიდი შაბათის ღამის საათებში დაიწყო, რის ფარგლებშიც არმიამ ჰეზბოლას შვიდი წევრი მოკლა.
"ეს ოპერაცია ნაწილია ძალისხმევის, რათა დამყარდეს მეწინავე თავდაცვა, მათ შორის, განადგურდეს ტერორისტული ინფრასტრუქტურა და მოხდეს ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტების უვნებელყოფა, რათა აღმოიფხვრას საფრთხე და შეიქმნას უსაფრთხოების დამატებითი ფენა ჩრდილოეთში მცხოვრებთათვის." - განაცხადა არმიამ.
სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე IDF-მა განაცხადა, რომ "საფრთხეების გასაქრობად" მასობრივი საჰაერო იერიშები მიიტანეს და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.





