ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებების გამო 8 მარტს ბარელი ნავთობის ფასი $100 დოლარს გადასცდა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნიშნულის ამ დონემდე ზრდის პირველი შემთხვევაა.
ნავთობის წარმოებისა და გადაზიდვის მხრივ შექმნილი პრობლემების გამო Brent-ის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა $107-ს მიაღწია, რაც 16.5%-იანი ზრდაა პარასკევთან შედარებით, როცა ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობის შეწყვეტის შემდეგ Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $92.69 იყო.
ამასთან, 16.9%-ით გაიზარდა ამერიკული West Texas Internediate-ის ფიუჩერსების ფასმაც, რამაც ბარელზე $106.22 შეადგინა პარასკევის $90.90-თან შედარებით.
ბოლო დღის ზრდას წინ უძღოდა გასულ კვირას Brent-ისა და WTI-ის, შესაბამისად, 28%-იანი და 36%-იანი ზრდა.
ნავთობის ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტითაა გამოწვეული, რასაც ბუნებრივი აირისა და ნავთობის წარმოების გართულებასთან ერთად, გავლენა აქვს სპარსეთის ყურის გავლით მათ გადაზიდვაზეც.
Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.
თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი.
მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.
თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა აირჩიეს.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა, ისრაელის შეფასებით, ის დარტყმების დროს მხოლოდ დაიჭრა.





