ისრაელის არმიის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ირანსა და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში "მასშტაბური" საჰაერო იერიშების ახალი ტალღა წამოიწყეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიხედვით, საჰაერო ძალებმა "ირანული ტერორისტული რეჟიმისა და ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ იერიშების მასშტაბური ტალღა წამოიწყო."
გუშინ IDF-მა დაადასტურა, რომ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტები ირანის მარიონეტულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ჰეზბოლამ გაუშვა, რაც 2024 წლის ნოემბრის ზავის შემდეგ პირველი მსგავსი შემთხვევაა.
სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობის აღების შემდეგ ჰეზბოლამ განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილზე.
თავის მხრივ, ჰეზბოლას თავდასხმაზე პასუხად ისრაელის არმიამ ლიბანში დაჯგუფების სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.
ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის გასული წლის ოპერაციების შემდეგ დასუსტებული იყო, არ შეუერთდა ირანსა და ისრაელის 2025 წლის ივნისის 11-დღიან ომს. მათ 2024 წლის ნოემბრის ზავის შემდეგ ისრაელის მიმართულებით რაკეტები აქამდე აღარ უსვრიათ.
არაბული მედიის ინფორმაციით, ლიბანში ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულია ლიბანის პარლამენტში "ჰეზბოლას" პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელი, მოჰამედ რაადი. ამასთან, 2 მარტს ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ იერიშების ფარგლებში მოკლულია ჰეზბოლას სადაზვერვო ფრთის მეთაურიც.
ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი.
მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი და ირანის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი.
1-ელ მარტს ირანული სამთავრობო მედიები წერდნენ, რომ იერიშებს ემსხვერპლნენ ხამენეის ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის, მისი ქალიშვილი, შვილიშვილი, სიძე და რძალიც. მომდევნო დღეს იერიშით მიღებულ ჭრილობებს ემსხვერპლა ხამენეის ცოლიც.
აშშ-ისრაელის იერიშებზე პასუხად ირანმა ისრაელისა და რეგიონის არაბული სახელმწიფოების წინააღმდეგ დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გაშვება დაიწყო. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის პასუხად "ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ თავდასხმით ოპერაციას" იწყებდა, თუმცა, ტრამპი უპრეცედენტო ძალის გამოყენებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ ირანი თავდასხმით ოპერაციას დაიწყებს.
ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ მისი გათვლებით, ირანთან ომი დაახლოებით "ოთხ კვირამდე" გაგრძელდება, თუმცა, ასევე მიანიშნა, რომ ეს დრო შესაძლოა, შემცირდეს. ხოლო თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს არმია მზადაა, ირანის წინააღმდეგ კამპანია უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. მან ასევე IRGC-ს, ირანელ სამხედროებსა და პოლიციას იარაღის დაყრისკენაც მოუწოდა.
პარალელურად, ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა X-ზე დაწერა, რომ ირანი "აშშ-სთან მოლაპარაკებას არ აპირებს."
2 მარტს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის ფარგლებში დაიღუპა ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა, ტრამპმა განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.





