მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანისთვის, ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას და გმობს მის მიმართ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებას.
"22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობია შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იმავე მიზეზით ჟურნალისტის 6 000 ლარით დაჯარიმება.
ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სასამართლო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო რეპრესიული მექანიზმების სამიზნე ხდება". - წერს კოალიცია.
ცნობისთვის, საქმე ეხება ივანიშვილის წარმომადგენლების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილ პოსტს. 10 ივლისს სანაია 6 000 ლარით დააჯარიმეს პოსტების გამო, სადაც წერდა, "შალვა პაპუაშვილს და ლადო ბოჟაძეს ყ**ს ნუ დაუძახებთო".
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მან კვლავ გამოაქვეყნა პოსტი - "მე, შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე, ცხადია, მაგ ჯარიმას საკუთარი ნებით არ გადავიხდით. არასდროს გადაგვიხდია, არც ახლა და არც მომავალში გადავიხდით. ამ ბიჭების ყ***ბად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს".




