აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ბრბომ აშშ-ს საკონსულოს გარე კედელი გაარღვია და შენობაში შესვლა სცადა, რასაც, სულ მცირე, ცხრა დემონსტრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კარაჩიში დემონსტრანტებს საკონსულოს ტერიტორიიდან უკან მას შემდეგ დაახევინეს, რაც მათ მთავარ კარიბჭესთან მანქანას ცეცხლი წაუკიდეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ.
პოლიციის განცხადებით, მოკლულია, სულ მცირე, ცხრა პირი, თუმცა უცნობია, თუ როგორ მოხდა ეს.
"ჩვენ უსაფრთხოდ ვართ." - განაცხადა კარაჩიში აშშ-ს საკონსულოს დიპლომატმა, რომელიც ინციდენტის დროს შენობაში იმყოფებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, პროირანელი დემონსტრანტები შეიკრიბნენ ბაღდადის მწვანე ზონის გარეთაც, სადაც აშშ-ს საელჩო მდებარეობს, რის შემდეგაც ერაყის პოლიციამ, მათ დასაშლელად, ცრემლსადენი გაზი და შოკური მოქმედების ხელყუმბარები გამოიყენა.
დემონსტრანტები გამოდიოდნენ შეძახილებით, "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას."
ცნობისთვის, ირანის შემდეგ, პაკისტანსა და ერაყში შიიტი მუსლიმების ყველაზე დიდი მოსახლეობა ცხოვრობს.





