აიათოლა ხამენეის მკვლელობა

მედვედევი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია "ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარე, დმიტრი მედვედევი, თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა.

"თეირანში ჩამოვედი, რათა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის, გარდაცვალების სამგლოვიარო ცერემონიას დავესწრო." – დაწერა მედვედევმა კრემლის მიერ კონტროლირებულ სოციალურ ქსელ MAX-ზე.

ირანის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ მოსალოდნელია, რომ მედვედევი მალე აიათოლა ალი ხამენეის სამძიმარზეც მივა.

მანამდე ხამენეის სამძიმარზე უკვე მივიდა თეირანში ჩასული სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილიც.

სამძიმარზე მისვლამდე ყაველაშვილი ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, მან "შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას".

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია 3 ივლისს ირანის დედაქალაქში დაიწყო და 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში ხამენეის დაკრძალვით დამთავრდება. ცერემონიაზე ირანმა ასევე თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც მიიწვია.

ხოლო 30 ივნისს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაეილ ბაღეიმ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრების "პატივი" არ ერგებათ, რადგან ომის დროს ისინი "ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ".

თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური საჰაერო იერიშების კამპანია. 28 თებერვალს მიტანილი პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი მოკლა. 

მას შემდეგ ირანში ახალ უზენაეს ლიდერად ალის შვილი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს, რომელიც, დაზიანებების მიუხედავად, საჰაერო იერიშს გადაურჩა. თუმცა, მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჯთაბა ირანს ერთპიროვნულად ვერ მართავს და მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს IRGC-ის გენერლები იღებენ.

ამასთან, ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აიათოლა ჰაკიმ ელაჰიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯტაბა ხამენეი, მამის დაკრძალვის ცერემონიას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება, რადგან რეჟიმი მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს.

კომენტარები