ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც უსამძიმრებს ხამენეის "მოწამეობრივ დაღუპვას" მის მემკვიდრე მოჯთაბას, ირანელ ერს, უმაღლეს რელიგიურ ავტორიტეტებს, ისლამურ მეცნიერებს, ისლამურ საზოგადოებასა და "მთელ მსოფლიოში მცხოვრებ თავისუფლებისა და ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანებს."
"ირანის დიდი და მადლიერი ერი გლოვობს თავისი ბრძენი იმამისა და ლიდერის, მისი უწმინდესობის, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის (ნათელი მის ხსოვნას) გარდაცვალებას. ეს ისტორიული გამომშვიდობება კიდევ ერთხელ ადასტურებს ხალხის ერთგულებას მისი უზენაესი ლიდერის იდეალებისადმი და ისლამური ირანის დამოუკიდებლობის, ღირსებისა და ძლიერების უნიკალური მონაპოვრების დაცვის შესაძლებლობად აქცევს.
სამინისტრო ირანის ღირსეულ და თავისუფლებისმოყვარე ხალხს მოუწოდებს, მრავალმილიონიანი მონაწილეობით მოწამე ლიდერის გამოსამშვიდობებელ და დაკრძალვის ცერემონიაში კიდევ ერთხელ აჩვენონ მსოფლიოს ირანის სიდიადე, ეროვნული ერთიანობის ბრწყინვალება და ქვეყნის ძლიერება.
ისლამური რევოლუციის მოწამე ლიდერმა, როგორც ქვეყნის შიდა მმართველობაში, ისე საგარეო პოლიტიკაში, ჭეშმარიტად წარმართა ძვირფასი ირანი წმინდა ყურანის აიათის გზით: "მალე ალლაჰი მოიყვანს ხალხს, რომელიც უყვარს მას და რომელსაც უყვარს იგი; მორწმუნეთა მიმართ თავმდაბლებს, ურწმუნოთა მიმართ კი მტკიცეებს; ისინი იბრძვიან ალლაჰის გზაზე და არ ეშინიათ არც ერთი დამძრახველის გაკიცხვის. ეს ალლაჰის წყალობაა, რომელსაც იგი ანიჭებს მას ვისაც ინებებს, და ალლაჰი ყოვლისმომცველი და ყოვლისმცოდნეა." ამ ნათელ გზაზე მან საკუთარი სიცოცხლე და თავისი ოჯახიც შესწირა.
ისლამური რევოლუციის მოწამე ლიდერის სიმტკიცე და ურყევობა ჭეშმარიტების, სამართლიანობისა და ადამიანურობის გზაზე არა მხოლოდ ისლამური ირანის ღირსებისა და ძლიერების გარანტიაა, არამედ შთაგონების წყაროც არის მსოფლიოს ხალხებისა და თავისუფლებისმოყვარე ადამიანებისთვის. რეგიონში არსებული ავთენტური რელიგიური და ეროვნული მიმდინარეობების წარმომადგენელთა, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი დონის დელეგაციების მონაწილეობა გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში ნათლად მეტყველებს როგორც მოწამე ლიდერის, ისე ირანის ღირსეული ერის სიდიადესა და ღირსებაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს ყველა უცხოელი სტუმრის მიმართ, რომლებმაც, მიუხედავად ზეწოლისა და მუქარისა, მონაწილეობა მიიღეს ჩვენი მოწამე ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში, ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ და პატივი მიაგეს სიმართლესა და ჭეშმარიტებას.
ჩვენიდიდი ლიდერის მოწამეობრივი სიკვდილი გზის დასასრული კი არა, არამედ ისლამისა და ძვირფასი ირანის აღორძინების გზაზე ახალი ეტაპის დასაწყისია. ირანის თავისუფლებისმოყვარე ერი, ყოვლისშემძლე ღმერთზე მინდობით, თავისი ეროვნული და ისლამური მემკვიდრეობის იმედად და რევოლუციის უზენაესი ლიდერის ბრძნული ხელმძღვანელობის ქვეშ, მთელი არსებით დაიცავს მოწამე ლიდერის სახელსა და გზას და მთელი ძალით გააგრძელებს მის ღირსეულ და საამაყო გზას. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მსახურებიც ყოველთვის თავიანთი საქმიანობის მთავარ პრინციპად მიიჩნევენ მის ნათელ რეკომენდაციებს სამშობლოს ღირსების, დამოუკიდებლობისა და ძლიერების დაცვისა და მტრების მზაკვრობის მიმართ მუდმივი სიფხიზლის შესახებ.
ეჭვგარეშეა, რომ ირანის მამაცი და მომთმენი ერი, ისლამური უმმა (საზოგადოება) და ყველა თავისუფლებისა და ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი, ამერიკელ-სიონისტი დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის მოთხოვნას მუდმივ მოთხოვნად შეინარჩუნებენ და მის განხორციელებას მტკიცედ გააგრძელებენ.
მეგობრის კალთას ჩაეჭიდე და მტერს გაემიჯნე;
ღვთის კაცი გახდი და ბოროტთა გზას გაერიდე.
განთიადისას ნიავს ტიტების ბაღში ვეუბნებოდი:
ვისი მოწამეები არიან ეს სისხლით მოსვრილი სამოსით შემოსილნი?" - წერია საგარეოს განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ირანის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია 3 ივლისს ირანის დედაქალაქში დაიწყო და 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში ხამენეის დაკრძალვით დამთავრდება.
3 ივლისს, ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, იგი სამძიმარზე მისვლამდე ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, მან "შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას".
იმავე დღეს თეირანში დაკრძალვის ცერემონიაზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია "ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარე, დმიტრი მედვედევიც ჩავიდა.
ცერემონიაზე ირანმა ასევე თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც მიიწვია.
30 ივნისს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაეილ ბაღეიმ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრების "პატივი" არ ერგებათ, რადგან ომის დროს ისინი "ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ".
დღეს, 4 ივლისს, შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან ირანის რეჟიმზე საუბრისას თქვა, რომ "ყველანი იქ არიან. ერთი დარტყმა [და ყველა მათგანის განადგურება შეგვიძლია], მაგრამ ამას არ გავაკეთებთ, რადგან აღარავინ დარჩება, ვისთანაც მოლაპარაკებების გამართვა შეგვეძლება."




